პროკურატურა ალასანიას პასუხობს – ეს განცხადება უვიცობაა
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე თავდაცვის მინისტრის განცხადებას უვიცობას უწოდებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
“ის განცხადებები, რომ პროკურატურის თავდასხმის ობიექტი არის თავდაცვის სამინისტრო, არის უბრალოდ სასაცილო და გაუგებარი. თავდაცვის სამინისტრო არის სახელმწიფო უწყება და პროკურატურა მასზე არანაირ თავდასხმას არ ახორციელებს. თავდაცვის სამინისტრო გუშინაც არსებობდა, დღესაც არსებობს და მომავალშიც იარსებებს, მიუხდავად იმის, თუ ვინ იმუშავებს. პროკურატურას არანაირი შემხებლობა არ აქვს ქვეყნის საგარეო კურსთან და პოლიტიკასთან. ასეთი განცხადებები არის უბრალოდ უვიცობა”, – აღნიშნა შოთაძემ ირაკლი ალასანიას დღევანდელი განცხადების საპასუხოდ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი ალასანიამ პროკურატურის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და კოალიცია “ქართულ ოცნებას” ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის მოთხოვნით მიმართა. “საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი, ნატოსთან, ევროკავშირთან და ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციას, პოლიტიკურ მომავალს, ხვალ მივმართავ მმართველი კოალიციის პოლიტსაბჭოს, შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საითკენ მიჰყავს პროკურატურას ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა ალასანიამ.