აფხაზეთი რუსეთს ინტეგრაციის ნაცვლად სტრატეგიულ პარტნიორობას სთავაზობს
დე ფაქტო აფხაზეთი რუსეთს სტრატეგიული ინტეგრაციის ნაცვლად სტრატეგიულ პარტნიორობას სთავაზობს. ეს ცვლილება სოხუმმა რუსულ-აფხაზური შეთანხმების საკუთარ ვარიანტში შეიტანა. ამ სათაურის გარდა დოკუმენტის ტექსტიც შეცვლილია.
დოკუმენტიდან ამოღებულია რამდენიმე რუსული ფორმულირება. მაგალითად, „შეთანხმებული საგარეო პოლიტიკის“ გატარების ნაცვლად, აფხაზურ ვარიანტში ფრაზა „კოორდინირებული საგარეო პოლიტიკაა“ შეტანილი. გარდა ამისა, აფხაზური მხარე „ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნის“ ნაცვლად რუსეთს „აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ხელის შეწყობას“ სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ აფხაზურ ვარიანტში ასევე დამატებულია პუნქტი რუსეთის მიერ პოსტსაბჭოურ სივრცეში ინტეგრაციულ პროექტებში აფხაზეთის „სრულყოფილი მონაწილეობის“ პირობების შექმნის შესახებ. საუბარია ევრაზიის საბჭოზე, – წერს „ამერიკის ხმა“. გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმმა პროექტიდან საკუთარი ვალდებულება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების აფხაზური პასპორტებით უზრუნველყოფის შესახებ ამოიღო. ტექსტის თანახმად, პასპორტებით უზრუნველყოფა – ცალმხრივად მხოლოდ რუსეთის ვალდებულება იქნება.
ცნობისთვის, აფხაზური „კანონებით“, აფხაზეთის მოსახლეობისთვის ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთანაა შესაძლებელი. ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კი რუსული პასპორტები აქვთ. ამავდროულად, სოხუმი რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემის გამარტივების წინააღმდეგია, რადგან ეშინია, რომ რუსეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველები, რომლებსაც აფხაზეთში სახლების დატოვება მოუწიათ, საკუთარი ქონების დაბრუნებას მოითხოვენ, – წერს „ამერიკის ხმა“.