რატომ იწამლებოდნენ ალასანიას უწყებაში – პროკურატურამ მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინა (ვიდეო)

პროკურატურამ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. როგორც ძალოვან უწყებაში აცხადებენ, გამოძიების შედეგად გამოვლენილ იქნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის პირები და სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფის განმახორციელებელი შპს „ქართული კვების კომპანიის“ მენეჯერები, რომელთა გულგრილობის შედეგად ადგილი ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეთა მასობრივ დაავადებას. “2013 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილებში დაფიქსირდა სამხედრო მოსამსახურეთა დაავადების 10 შემთხვევა. მთლიანობაში საკვები პროდუქტებით მოიწამლა 858 სამხედრო მოსამსახურე, საიდანაც 90 სამხედრო, მძიმე მდგომარეობის გამო გადაყვანილ იქნა სამხედრო ჰოსპიტალში. საჯარისო ნაწილებში სამხედრო მოსამსახურეების მასობრივი დაავადების ათივე შემთხვევასთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა მეორე, მესამე, მეოთხე ქვეით და მეათე კადრირებულ ბრიგადებში, გამოძიება თავდაპირველად დაიწყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ. თუმცა, აღნიშნულმა უწყებამ არ ჩაატარა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, სამხედრო მოსამსახურეების სათანადო ლაბორატორიული კვლევები, სასადილოების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის ექსპერტიზები, რამაც მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი გამოძიებას. აღნიშნულ მიზეზთა გამო, 2013 წლის 18 ოქტომბერს, სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეეხებოდა სამხედრო მომსახურეების დაავადების ათივე შემთხვევას, გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რათა საქმეზე მომხდარიყო სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ: საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის კვებით მომსახურებას ახორციელებდა შპს „ქართული კვების კომპანია“, რომლის დამფუძნებელი არის თავდაცვის სამინისტრო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მედეა ბეთაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარი ექიმი მიხეილ ბესტაევი, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი ოთარ ჯეჯეია, მესამე ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერი აკაკი გიორგაძე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერი ლაშა გელოვანი და მეათე კადრირებული ბრაგადის სასადილოს მენეჯერი თორნიკე ხუბუა, აღნიშნულ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, გულგრილად ეკიდებოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო არ უზრუნველყოფდნენ დასახელებულ სასადილოებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ზედამხედვერლობის და კონტროლის განხორციელებას. ამის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეებს სასადილოდან მიეწოდებოდათ მოხმარებისათვის უვარგისი, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით, ეშერიხია კოლით და აურეუსით დაბინძურებული საკვები პროდუქტი, რომლის მიღების შედეგად ადგილი ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეების მასობრივად დაავადებას. საქმეზე ჩატარებული ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სამხედრო ქვედანაყოფებში განთავსებულ სასადილოებში მზა პროდუქტის ნიმუშები არ შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს და უვარგისი იყო მოხმარებისათვის. საკვების ნიმუშები შეიცავდა აურეუსის, ეშერიხია კოლის და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებს. სანიტარულ-ჰიგიენური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სასადილოდან გარეცხილი და გამოსაყენებლად გამზადებული ინვენტარიდან, ასევე მომსახურე პერსონალის ხელებიდან აღებული ნაცხების მიკრობიოლოგიური გამოკვლევებით დადგინდა, რომ აღნიშნულ სასადილოში და სასადილოს საცავებში არ იყო დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური, პერსონალის პირადი ჰიგიენის ნორმები, 9 შემთხვევაში ამოითესა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები და 5 შემთხვევაში – აურეუსი. ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია დასახელებული სამხედრო ნაწილების ნორმალურად ფუნქციონირების შეფერხება, რითაც არსებითად დაირღვა სამხედრო მოსამსახურეების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის თანამშრომლების მიერ, 2013 წელს ცალკეულ შემთხვევებში შემოწმებული იქნა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული სასადილოები. შედგენილ შემოწმების აქტებში დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევის ფაქტები, მათ შორის დაფიქსირდა სასადილოში მწერების არსებობა და სამხედროებისათვის მიწოდებულ ძეხვს აღენიშნებოდა დიდი რაოდენობით ჟელატინის მაგვარი ნივთიერება. შემოწმების აქტები გაიგზავნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, რასაც რეაგირება არ მოყოლია. გენერალური შტაბის წერილით ირკვევა მხოლოდ ის, რომ ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა გათვალისწინებულია მხოლოდ 2015 წლის პერსპექტიულ გეგმებში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩადენილი ამ დანაშაულებრივი ქმედებისათვის საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილებები და ბრალი წარედგინებათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს მედეა ბეთაშვილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარ ექიმს მიხეილ ბესტაევს, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსს ოთარ ჯეჯეიას და შპს „ქართული კვების კომპანიის“ მენეჯერებს: აკაკი გიორგაძეს, ლაშა გელოვანს და თორნიკე ხუბუას. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით”, – აცხადებენ პროკურატურაში.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=a9xZCc_O1jE” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები