სკოლების ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი აქტიურ ფაზაშია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჯარო სკოლების შეფერხებული მშენებლობებისა და პრობლემური პროექტების მართვას აქტიურად აგრძელებს, – ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ 72 სკოლის დირექტორებსა და მშობლებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შონიამ ინფორმაცია მიაწოდეს.

„კითხვა-პასუხის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა თითოეული პროექტის მიმდინარე სტატუსი, დაგეგმილი ღონისძიებები და განხორციელების ვადები გააცნეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო უწყებები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ გადაიჭრას ის გამოწვევები, რომლებიც სკოლების პროექტების მართვის პროცესში დაგროვდა და მოსწავლეებისთვის შეიქმნას უსაფრთხო, თანამედროვე და სრულფასოვანი საგანმანათლებლო გარემო.

აღინიშნა, რომ რიგ შემთხვევებში დამატებითი დრო საჭირო გახდა პროექტების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით მათი გადამუშავებისა და ახალი სატენდერო პროცედურების განხორციელებისთვის.

ამ ეტაპზე, გაუქმებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან (ESIDA) უფლებამონაცვლეობით გადმოცემული 77 ობიექტის დასასრულებლად, ჯამში 425 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ხორციელდება. მათ შორის, აქტიურ ფაზაშია 53 ახალი სკოლის მშენებლობა, 14 სკოლის სრული რეაბილიტაცია და 10 სკოლის პროექტირება.

პროცესების დაჩქარებისა და რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენების მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად განსაზღვრულ 13 სკოლაზე უკვე გამოცხადებულია პროექტირებისა და მშენებლობის ერთიანი შესყიდვა, ხოლო ერთ სკოლაზე – სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.

ამასთან, 10 სკოლისთვის მზადდება ახალი საპროექტო გადაწყვეტა, რომელიც 2026 წლის განმავლობაში, როგორც განმეორებადი მოდელი, დამატებით დაახლოებით 30 სკოლაზე იქნება გამოყენებული.

ESIDA-სგან გადმოცემულ პროექტებთან მუშაობის პარალელურად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო და საერთაშორისო პარტნიორების თანადაფინანსებით დამატებით 53 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას და 45 სკოლის პროექტირებას ახორციელებს.

მსგავსი შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება ყველა იმ სკოლის წარმომადგენლებთან, რომელთა პროექტებთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები დაიწყება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები