“ჩვენი მიზანია, წლის ბოლოსთვის მყისიერი გადახდები მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომი იყოს” – ნატალია ჭყოიძე

“ჩვენი მიზანია, წლის ბოლოსთვის მყისიერი გადახდები მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომი იყოს, – ამის შესახებ სებ-ის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატალია ჭყოიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სექტორი ელოდება ამ საგადახდო სისტემას – ისინი აქტიურად არიან ჩართული დისკუსიებში, ესწრებიან პრეზენტაციებს და ამ ეტაპზე, გამოხატულია ძალიან დიდი ინტერესი ფინტექ სექტორის მხრიდან.

“თუ დავაკვირდებით იმ ქვეყნებს, სადაც მყისიერი გადახდები უკვე დანერგილია, დავინახავთ ტენდენციას, რომ თავდაპირველ ეტაპზე ძირითადად გადარიცხვები ფიზიკურ პირებს შორის ხორციელდებოდა, თუმცა შემდგომ ეტაპზე ბიზნესის დიდი ნაწილიც მყისიერი გადახდების განხორციელებაზე გადაერთო და ჩვენც იგივე მოლოდინი გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ამით სარგებელს მიიღებენ არა მხოლოდ ფიზიკური პირები, არამედ იურიდიული პირები – განსაკუთრებით კი სავაჭრო ობიექტები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, ბარათების პარალელურად, ალტერნატიული მეთოდით მიიღონ თანხები. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ მეზობელი ქვეყნიდან (სომხეთიდან) გვეწვივნენ და იზიარებენ ჩვენს გამოცდილებას წარმატებულად განხორციელებული პროექტის შესახებ. ჩვენ არაერთი ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი გვსტუმრობდა და ვფიქრობ, რომ მსგავსი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ინფრასტრუქტურების დაახლოებას”, – განაცხადა ნატალია ჭყოიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვა მრავალმხრივ კოორდინაციასა და რესურსს მოითხოვს, რის გამოც პროექტის განხორციელების პროცესში არაერთი გამოწვევა იკვეთება.

“ახალი პროექტებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის მხარეს ბევრი გამოწვევაა, ვინაიდან პროექტის წარმატებით დანერგვისთვის მნიშვნელოვანი რესურსის ჩადებაა საჭირო, განსაკუთრებით ამ სისტემის ტესტირების პროცესში. ამ პროცესს კიდევ უფრო ართულებს ის, რომ მასში ჩართულია მრავალი სუბიექტი – სულ მცირე 17 კომერციული ბანკი, 2 მიკრობანკი, სახელმწიფო ხაზინა და თავად ეროვნული ბანკი. კოორდინაცია ამ პროექტის ფარგლებში საკმაოდ დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული, თუმცა უკვე წარმატებით განხორციელებულმა პროექტმა ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება მოგვცა, გვასწავლა გარკვეული ასპექტები და დარწმუნებული ვართ, ახალ პროექტსაც წარმატებით გავართმევთ თავს სექტორის ყველა მონაწილესთან ერთად.
იმედი გვაქვს წლის ბოლოსთვის მომხმარებელს შევთავაზებთ სწრაფ უსაფრთხო და უფრო ხელმისაწვდომ მომსახურებას. რამდენიმე წლის წინ ჩვენ საგადახდო სფეროში დავნერგეთ ევროდირექტივის მოთხოვნები და არსებული მდგომარეობით სრულ შესაბამისობაში ვართ აღნიშნულ სტანდარტებთან, რომელიც მათ შორის საბანკო და ფინანსურ სექტორში გარკვეული უსაფრთხოების ზომების დანერგვას მოიცავდა. ამ ეტაპზე ყველა კომერციულ ბანკს დანერგილი აქვს თაღლითობის მონიტორინგის სისტემები, რითაც მათ შესაძლებლობა აქვთ ამოიცნონ მომხმარებლისთვის უჩვეულო გარიგება, რა დროსაც შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ. შესაძლოა გადახდის ოპერაცია გაჩერდეს და დამატებითი კომუნიკაცია განხორციელდეს მომხმარებელთან.
გარდა ამისა, შეიცვალა სტანდარტი დისტანციური არხებით ჩვენს საგადახდო ანგარიშზე წვდომის კუთხით. აქაც გარკვეული მოთხოვნები დაწესდა კომერციული ბანკების მიმართ და, ამ მხრივ, ვფიქრობ, ჩვენ უკვე მზად ვართ, რომ სექტორს მყისიერი გადახდების სისტემა მივაწოდოთ. თუმცა, როგორც ვიცით ამ ტექნოლოგიებთან და დაცვის მექანიზმებთან ერთად თაღლითებიც ვითარდებიან და ახალ-ახალი სცენარები შემოაქვთ მომხმარებლის მოსატყუებლად, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოების განხორციელება იქნება საჭირო”, – აცხადებს ნატალია ჭყოიძე.

ცნობისთვის, სებ-მა წარმატებით დაასრულა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და კლირინგის სისტემების განახლება. RTGS-ის განახლებული სისტემის დანერგვა მიზნად ისახავს ფინანსური სექტორისა და მომხმარებლებისთვის – ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის – უფრო სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას. გარდა ამისა, ახალი ინფრასტრუქტურა ქმნის კარგ საფუძველს მომავალი ინოვაციური სერვისების, მათ შორის, მყისიერი გადახდების სისტემისა(IPS) და დამატებითი ციფრული მომსახურებების განვითარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები