“საუბარია ისეთ თანხაზე, რომ, წესით, მაღალი რანგის ჩინოვნიკები საქმის კურსში უნდა ყოფილიყვნენ“

თავდაცვის სამინისტრო ძალოვანი სექტორის ნაწილია და თავიდანვე იმის თქმა, რომ აქ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, არასწორია – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი თავდაცვის მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით ამავე უწყების და მისი ხელმძღვანელის რეაქციას.
“ნებისმიერ შემთხვევაში, ვიღაც დასასჯელი იქნება. თუ ეს დანაშაული დადასტურდა, მინიმუმ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერავინ ასცდება თავდაცვის სამინისტროში.
საუბარია ისეთ თანხაზე, რომ, წესით, მაღალი რანგის ჩინოვნიკები საქმის კურსში უნდა ყოფილიყვნენ. ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო, თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადება, შემდეგ მინისტრის მოადგილეების თავდებობის საკითხიც. ამ უწყების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამართალდამცავებთან კონფრონტაციაში შესვლა სახიფათო თამაშია.
თავდაცვის სამინისტრო ძალოვანი სექტორის ნაწილია და თავიდანვე იმის თქმა, რომ აქ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, არასწორია. ეს ნამდვილად ტოვებს უცნაურ შთაბეჭდილებას“,-აცხადებს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სამართალდამცავებმა თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დააკავეს. საუბარია 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაზე. გამოძიების ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია “სილქნეტი” კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული მიმართულებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას გეგმავდა. სამართალდამცველთა ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებმა: გიზო ღლონტმა (სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი), გიორგი ლობჟანიძემ (სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი), არჩილ ალავიძემ (შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი), ნუგზარ კაიშაურმა (გაერთიანებული შტაბის ჯეი-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი) და დავით წიფურიამ (კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი) განიზრახეს “სილქნეტის” სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა.
გამოძიების ცნობით, 2013 წლის 26 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ “სილქნეტთან” გააფორმა ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შესყიდვის, ქსელური აპარატურის შეძენა-მონტაჟისა და მომსახურების პირობით. ამ ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ “სილქნეტს” უნდა გადაუხადოს, ჯამში, 6.720.877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) უკვე გადარიცხულია 6.480.877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ “სილქნეტისგან” 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მხოლოდ 2.618 004.82 ლარს შეადგენს.

წყარო : “კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები