„რესპუბლიკური პარტია“ დაშლის პირასაა და შესაძლოა, პარტია უსუფაშვილმაც დატოვოს“

„რესპუბლიკურ პარტიაში“ არეულობაა და შესაძლოა, ახლო მომავალში პარტია პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დატოვოს, – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი ასავალ-დასავალი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.
„რესპუბლიკელებს“ თავად პარტიის შიგნით საქმე კარგად არ აქვთ. წყაროს ცნობით, „რესპუბლიკური პარტია“ დაშლის პირასაა და საქმე იქამდეც კია მისული, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, უახლოეს ხანებში შესაძლოა, პარტიის რიგები დატოვოს“,- წერს „ასავალ-დასავალი“
გამოცემის ინფორმაციით, უსუფაშვილის პარტიიდან შესაძლო წასვლის მიზეზი მასსა და დავით ბერძენიშვილს შორის არსებული დაპირისპირებაა.
„დავით უსუფაშვილი და დავით ბერძენიშვილი ერთმანეთს მწარედ დაუპირისპირდნენ. უსუფაშვილს უმცროსი ძმისთვის – ბერძენიშვილისთვის უთქვამს, ,,რესპუბლიკელები“ ცოტა ძლივს გავიმართეთ წელში და პარტიის იმიჯს ნუ აცამტვერებო. ერთმანეთი უწმაწური სიტყვებით გამოულანძღავთ“,- წერს გამოცემა.
გამოცემის წყაროს ცნობითვე, უსუფაშვილს პარტიის დატოვება ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ურჩია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ დიდი ნდობით ყოფილა განწყობილი.
„დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილთან ინტენსიურ კონსულტაციებს აწარმოებს და ცოტა ხნის წინ მასთან ურეკის რეზიდენციაში ზედიზედ 5 დღე გაუტარებია. ბიძინას უსუფაშვილი თურმე ძალიან ესიმპათიურება და, ბერძენიშვილებისგან განსხვავებით, ძალიან ენდობა. უსუფაშვილისთვის პარტიის დატოვება სწორედ ივანიშვილს ურჩევია. ახლა საქმე ასეა – ან უსუფაშვილი დატოვებს ,,რესპუბლიკურ პარტიას“, ან ამ პარტიიდან ბერძენიშვილები წავლენ“,- წერს გაზეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები