გაფლანგული მილიონების ქრონიკა – ოქრუაშვილიდან ალასანიამდე
გაზეთი „პრაიმტაიმი“ თავდაცვის უწყების პრობლემურობის შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, თავდაცვის სამინისტრო, უკანონო ტენდერების მხრივ, ყოველთვის პრობლემური უწყება გახლდათ, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი რიგი შესყიდვები სახელმწიფო საიდუმლოების სფეროს მიეკუთვნება.
გასულ კვირას პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გადაყვება თუ არა კორუფციულ სკანდალს ირაკლი ალასანია? ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, საქმე სისხლის სამართლის პასუხისგებამდე არ მივიდეს, მაგრამ დიდი ალბათობით თავდაცვის მინისტრს პოსტიდან გაათავისუფლებენ.
როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, ამის საფუძველს იძლევა სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, დავით კირვალიძის საქმე, რომელსაც თანამდებობის დატოვება სწორედ მას შემდეგ მოუწია, რაც მისი უწყების მაღალჩინოსნები კორუფციაში ამხილეს.
„უახლეს ისტორიაში თითქმის არ გვყოლია თავდაცვის მინისტრი, რომლის ირგვლივაც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩენილიყო. კორუფციულ მაქინაციებში ამხილეს უწყების არაერთი ხელმძღვანელი, რასაც თითქმის ყველა შემთხვევაში შესყიდვების სამსახურის უფროსების დაკავებაც ახლდა. აღარაფერს ვამბობ შევარდნაძის პერიოდზე, როდესაც ქვეყანაც და მისი თავდაცვის უწყებაც კორუფციულ ჭაობში ტივტივებდა. დავით თევზაძის მმართველობის ლაბირინთებში ჩაყოლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ ჩვენ თვალი გადავავლეთ „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდს, როდესაც თავდაცვის უწყების დაფინანსება საგრძნობლად გაიზარდა, ისევე როგორც ამავე უწყებიდან გაფლანგული თანხების ოდენობა“, – წერს გამოცემა და მაგალითად მინისტრების საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის რამდენიმე ფატები მოჰყავს.
ირაკლი ოქრუაშვილი
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი იყო თავდაცვის პირველი მინისტრი, ვინც საბიუჯეტო თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ამხილეს. ბრალი წარედგინა იასონ ჩიხლაძესაც (მეტსახელად „ვოლკი“), რომელიც ოქრუაშვილის მინისტრობის დროს შესყიდვების სამსახურს ხელმძღვანელობდა. მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს საჯაროდ უსაყვედურა იმის გამო, რომ სამართალდამცავებმა იასონ ჩიხლაძეს, საიდუმლო ინფორმაციით, რუსეთში გაქცევის საშუალება მისცეს. ვანო მერაბიშვილმა პრეზიდენტს განუცხადა, რომ ჩიხლაძე ცოტა ხნის წინ თურქეთიდან რუსეთში გაიქცა ყალბი პასპორტით.
„ის თურქეთში იმყოფებოდა ოქრუაშვილთან ერთად“, – განაცხადა მერაბიშვილმა. მათ ასევე ახლდათ ალექსანდრე სუხიტაშვილი (თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე).
„მინდა შინაგან საქმეთა მინისტრს ვკითხო, – როგორ გაგიძვრათ ხელიდან და როგორ აღმოჩნდა დღეს რუსეთის ფედერაციაში ეს ჩიხლაძე, ე.წ. „ვოლკი“? – განაცხადა სააკაშვილმა, – გაითვალისწინეთ, რომ ლაპარაკია თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების უფროსზე. ადამიანი, რომელმაც საქართველოს თავდაცვის შესყიდვების შესახებ ყველა საიდუმლო ინფორმაცია იცის, პირდაპირ მოსკოვში აღმოჩნდა“.
ამ შემთხვევაში, საქმე ეხებოდა ხელშეკრულებას, რომელიც 2006 წლის 27 ივნისს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა იასონ ჩიხლაძემ გააფორმა ვირჯინიის კუნძულებზე (ოფშორულ ზონაში) რეგისტრირებულ კომპანიასთან „AG Transport and Development“ 4 ათასი ტონა საავიაციო ნავთის თურქმენეთიდან მიწოდებაზე საერთო ღირებულებით 2 მლნ 903 ათასი ამერიკული დოლარი.
კონტრაქტში მოწოდებული 1 ტონა საწვავის ფასად 725,7 ამერიკული დოლარი დაფიქსირდა, მაშინ როდესაც იმ დროისთვის საწვავის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე 671,2 აშშ დოლარს შეადგენდა. არადა, იმ დროისთვის თავდაცვის სამინისტროს უკვე ჰყავდა ბენზინის მომწოდებელი კონტრაქტორი ფირმა შპს „ავიასაწვავსერვისი“, შესაბამისად, არ არსებობდა არანაირი ობიექტური საბაბი ახალ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმებისთვის. მით უფრო, რომ ამ პერიოდში შპს „ავიასაწვავსერვისს“ იგივე საწვავი, იმავე ქვეყნიდან – თურქმენეთიდან, 1 ტონა 675 ამერიკულ დოლარად შემოჰქონდა.
გამოძიების ინფორმაციით, ამ ოფშორულ კომპანიასთან კავშირი ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარს ქიბარ ხალვაშს, რომლის მიერ საგანგებოდ დაფუძნებული სამშენებლო კომპანია ყველა იმ ტენდერში იმარჯვებდა, რომელსაც ოქრუაშვილის უწყება აცხადებდა. საერთო ჯამში, ხალვაშის კომპანიამ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის 140 მილიონი ლარი მიიღო.
დავით კეზერაშვილი
პროკურატურამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლით ბრალი წაუყენა თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და მისივე უწყების შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ნინუასაც.
„2008 წლის 10 იანვარს, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, მასთან დაკავშირებული პირის, ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია „Girwood Business Corp“-ის სასარგებლოდ, თანხების გაფლანგვის მიზნით, გამოსცა ბრძანება – ხსენებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ“.
ამავდროულად, გამოძიების ვერსიით, „დავით კეზერაშვილთან დანაშაულებრივ კავშირში ჩაერთო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ნინუა, რომელმაც კომპანიის გამოცდილებისა და შესაძლებლობების შეუმოწმებლად, 2008 წლის 10 იანვარს, კომპანია „Girwood Business Corp“-თან, თავდაცვის სამინისტროს სახელით გააფორმა ხელშეკრულება, თავდაცვის შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმური საბრძოლო მომზადების შესახებ, რომლის ღირებულება 5 685 000 ევროს ოდენობით განისაზღვრა“.
ხელშეკრულების თანახმად, საავანსო თანხად განისაზღვრა მთლიანი თანხის 40%, მაშინ როდესაც კომპანიას, რომელსაც საქართველოში წარმომადგენლობაც კი არ ჰქონდა, არ დაევალა საბანკო ან სხვა სახის გარანტიების წარმოდგენა. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, სინამდვილეში ხელშეკრულება იყო ფიქციური და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანია „Girwood Business Corp“-ს სამხედრო ქვედანაყოფებში არანაირი სახის სასწავლო წვრთნები არ ჩაუტარებია.
„დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ფიქციური ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია „Girwood Business Corp“-ს თავდაცვის სამინისტროდან ოფშორულ ზონაში არსებულ საბანკო ანგარიშზე საავანსო თანხად გადაერიცხა 2 330 937 ევრო. ხოლო დარჩენილი თანხების გადარიცხვის მიზნით, თავდაცვის სამინისტროში ყალბი ანგარიში შედგა, თითქოსდა კომპანიის მიერ სამხედრო დანაყოფებში ჩატარებული სწავლებების შესახებ, რითაც კომპანია „Girwood Business Corp“-ის საბანკო ანგარიშზე დამატებით 2 729 062.50 ევრო გადაირიცხა. მთლიანობაში, დავით კეზერაშვილმა და ალექსანდრე ნინუამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისე რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბრძოლო სწავლების კურსები არ ჩატარებულა, კომპანიის „Girwood Business Corp“-ის სასარგებლოდ გაფლანგეს 5 060 000 ევრო, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი“.
ამჟამად ალექსანდრე ნინუა პატიმრობაში იმყოფება, დავით კეზერაშვილს კი ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი. პროკურატურა ირწმუნება, რომ ნინუა კეზერაშვილის გარეშე ვერ იმოქმედებდა და ამხელა თანხას ვერ გაფლანგავდა. ამ ლოგიკით პროკურატურას ირაკლი ალასანიასთვისაც მოუწევს ბრალის წარდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა დაასაბუთოს, შეძლებდა თუ არა შესყიდვების სამსახურის უფროსი გიზო ღლონტი, ალასანიასგან დამოუკიდებლად 4 მილიონის გაფლანგვას.
ბაჩო ახალაია
გამოძიების ინტერესის მიღმა არც ბაჩო ახალაიას მინისტრობის პერიოდში განხორციელებული შესყიდვები დარჩენილა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა საქმეზე დაიკითხა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ოთარ ბაზაძე, რომელიც 2014 წლის 11 ივნისს ე.წ. მოდულის შენობაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება თავად ოთარ ბაზაძემ არ ისურვა. ის თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს შესყიდვების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმეს, რომლის ირგვლივაც ბაზაძე დაიკითხა, გრიფი „საიდუმლო“ ადევს და ის ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს კანონდარღვევით განხორციელებულ რამდენიმე ტენდერს უკავშირდება. არ არის გამორიცხული, ამ საქმის გამო ახალაიას კიდევ ერთი ბრალი წაუყენონ.