რეზო ამაშუკელი: „როცა ეს გიჟი სააკაშვილი ამბობს, არჩევნებს აღარ დაველოდებითო, ამაზე სახელმწიფოს რეაქცია არ უნდა ჰქონდეს“?
„15 ნოემბრის აქციას აბსოლუტური იგნორირება უნდა გავუკეთოთ“, – აცხადებს პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. პოეტი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ 15 ნოემბერს ,,ნაციონალური მოძრაობის“ აქციის იგნორირება მოახდინონ, რათა პარტიამ პროვოკაციების მოწყობა ვერ შეძლოს.
„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, 15 ნოემბერს საპირისპირო აქციის ჩატარება, ან ,,ნაციონალების“ თავყრილობისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა. 15 ნოემბრის აქციას აბსოლუტური იგნორირება უნდა გავუკეთოთ. „ნაციონალების“ ინტერესში პროვოკაციების მოწყობა და არეულობის გამოწვევა შედის. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ – 15 ნოემბერს „ნაციონალებს“ არც შეხედოთ“,-აცხადებს რეზო ამაშუკელი.
მისივე თქმით, ვინც 15-ში „ნაციონალების“ გვერდით დადგება, კოლაბორაციონისტი და ქვეყნის გამყიდველია.
ამასთან, პოეტის თქმით, სააკაშვილის განცხადებაზე, რომ „ნაცმოძრაობა“ 2016 წლის არჩევნებამდე ვეღარ მოიცდისო, – სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს.
„როცა ეს გიჟი-გადარეული სააკაშვილი ხან სარფიდან და ხან ბაქოდან პირდაპირ ამბობს, არჩევნებს აღარ დაველოდებითო, როცა თავის ხელისბიჭებს დავალებებს ღიად აძლევს, ქვეყანა არიეთო, ამაზე სახელმწიფოს რეაქცია არ უნდა ჰქონდეს? ამას რომელი თავმოყვარე სახელმწიფო მოითმენს?! მათ უნდათ, რომ საქართველო საერთოდ მოსპონ“,- აცხადებს ამაშუკელი.