მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის წარმომადგენლებთან რეგიონული მნიშვნელობის პროექტები განიხილა
სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ოთხმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა რეგიონული მნიშვნელობის პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალფარსლან ბაირაქტარი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე კირილ ტემელკოვი.
„მარიამ ქვრივიშვილმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა რეგიონული ინიციატივის წინ წამოსაწევად გამოხატული მტკიცე ერთგულებისთვის და ხაზი გაუსვა ბაქოში, სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობას, რამაც საფუძველი ჩაუყარა რეგიონული ელექტროენერგეტიკული კავშირების გაძლიერების საერთო ხედვას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოება, დივერსიფიკაცია და მდგრადი განვითარება მხოლოდ მჭიდრო კოორდინაციითა და პრაქტიკული ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. ამ კონტექსტში, მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის ინიციატივას აქვს დიდი პოტენციალი, იქცეს უმნიშვნელოვანეს პლატფორმად, რომელიც რეგიონის ენერგეტიკულ რესურსებსა და განახლებადი ენერგიის პოტენციალს ევროპულ ბაზრებთან დააკავშირებს.
შეხვედრაზე „მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის“ პროექტის ფარგლებში, ოთხი ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორის (TSO) მიერ ერთობლივი კომპანიის დაფუძნების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც დააფინანსებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და შემდგომში უშუალოდ განახორციელებს პროექტის მართვას.
ამჟამად მომზადებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ტექნიკური დავალების პროექტი, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს. პროექტი ითვალისწინებს აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ელექტროენერგიის გადაცემას თურქეთის ელექტროქსელის გავლით თურქეთსა და ბულგარეთის მიმართულებით, ხოლო შემდგომ ევროპის სხვა ბაზრებზე.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივას საფუძველი 2024 წლის 22 ნოემბერს სტამბოლის ენერგეტიკულ ფორუმზე ჩაეყარა, ხოლო 2025 წლის 4 აპრილს ბაქოში, სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტრთა მე-11 შეხვედრაზე, ოთხი ქვეყნის სამინისტროებს შორის ოფიციალურად მოეწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.