კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, იტურის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ ებოლას სამკურნალო ცენტრს ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ახალგაზრდების ჯგუფს გარდაცვლილი მეგობრის ცხედრის წაღებისა და ტრადიციული დაკრძალვის ჩატარების უფლება არ მისცეს.
სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ცენტრს ცეცხლი სწორედ აღშფოთებულმა ადგილობრივებმა გაუჩინეს. ხელისუფლების განცხადებით, ცხედარი ებოლას გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალური სანიტარული პროტოკოლით დაკრძალეს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ებოლას გავრცელების ეპიცენტრი კვლავ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, იტურის პროვინციაში რჩება.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ასობით საეჭვო შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 150-ს აღემატება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.