სააკაშვილის ხელისუფლების სკანდალური აღიარება
სააკაშვილის ხელისუფლების სკანდალური აღიარება – ამ სათაურით გაზეთი “კვირის პალიტრა“ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის ადვოკატთან სოსო ბარათაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.
როგორც ბარათაშვილი აცხადებს, 2011 წლის იანვარში მაშინდელმა ხელისუფლებამ ევროსასამართლოს წერილი გაუგზავნა, სადაც ის აღიარებდა ყველა მუხლის დარღვევას, იღებდა ვალდებულებას, დაეწყო გამოძიება და სულხან მოლაშვილისთვის 20 ათასი ევროს კომპენსაცია გადაეხადა.
“სააკაშვილის ხელისუფლებამ აღირა, რომ სულხან მოლაშვილის უფლებები და კანონი დაირღვა, ოღონდ სახელმწიფო მაშინ არ იღებდა ვალდებულებას, გადაესინჯა სულხან მოლაშვილის განაჩენი, რაც მოლაშვილისთვის უმნიშვნელოვანესია. ამის გამო ჩვენთვის სახელმწიფოს პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა. მე შემიძლია, გადმოგცეთ იუსტიციის სამინისტროს იმდროინდელი წერილი, რომელსაც აქამდე არ ვასაჯაროებდით, რადგან ეს გახლდათ კონფიდენციალური მიმოწერა. ამ წერილში სააკაშვილის ხელისუფლება აღიარებდა ყველა იმ დარღვევას, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ასახული, თუმცა, ვიმეორებ, უარს ამბობდა მოლაშვილის განაჩენის გადასინჯვაზე“, – აცხადებს სოსო ბარათაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმეზე 10- წლიანი მსჯელობა დაასრულა და 23 ოქტომბერს გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაქვეყნა.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათვამია, რომ საქართველოს მთავრობა აღიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმ მუხლების დარღვევას, რომლებიც გულისხმობს: წამებას, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისა და მისი გაგრძელების პროცედურების დარღვევას, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას , უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევას,ადამიანის დისკრიმინაციას პოლიტიკური ნიშნით და ადვოკატის მომსახურების, საქმის მასალების გაცნობისა და მოწმეთა დაკითხვის შეზღუდვას.