„თუ კეზერაშვილის შემთხვევაში მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, რატომ არ უნდა მოხდეს იგივე ალასანიას შემთხვევაში“?
ექსპერტების აზრით, ირაკლი ალასანიას მოადგილის ალექსანდრე ბატიაშვილის ჩვენებით, გამოძიება გაარკვევს, თუ რა ინფორმაციას ფლობდა თავად ირაკლი ალასანია ამ საქმის ირგვლივ და რა კავშირი აქვს თავად ბატიაშვილს კომპანია “სილქნეტთან”.
ამასთან, ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” ინფორმაციით, “სილქნეტის” კომერციული დირექტორის, ბაჩო ჩინალაძის დედა, თამარ ბატიაშვილი, ირაკლი ალასანიას მოადგილის, ალექსანდრე ბატიაშვილის ბიძაშვილია.
როგორც გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ექსპერტი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, ფაქტია, რომ ირაკლი ალასანია იყო საქმის კურსში, მაგრამ, მისი თქმით, მეორე საკითხია, დადასტურდება თუ არა კორუფციული ფაქტი.
“ეს საბოლოოდ სასამართლოს გადასაწყვეტია. თუ დადასტურდა, რომ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, ბუნებრივია, გაჩნდება ეჭვები ირაკლი ალასანიაზე.
თუ კეზერაშვილის შემთხვევაში დადგა მინისტრის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რატომ არ უნდა მოხდეს იგივე ალასანიას შემთხვევაში?
ცხადია, ეს გააჩენს ეჭვს შერჩევითი სამართლის თაობაზე. ფაქტია, რომ კეზერაშვილს ედავებიან, თითქმის ანალოგიურ საქმეზე (საქმე აღძრულია 182-ე მუხლით. ეს ის მუხლია, რომლის საფუძველზეც ბრალი აქვს წარდგენილი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ალექსანდრე ნინუას. ამავე მუხლით 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე ბრალი წარედგინა კეზერაშვილს. – ვ. ბ.)“, -აცხადებს ჩიტაძე.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სამართალდამცავებმა თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დააკავეს. საუბარია 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაზე. გამოძიების ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია “სილქნეტი” კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული მიმართულებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას გეგმავდა. სამართალდამცველთა ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებმა: გიზო ღლონტმა (სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი), გიორგი ლობჟანიძემ (სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი), არჩილ ალავიძემ (შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი), ნუგზარ კაიშაურმა (გაერთიანებული შტაბის ჯეი-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი) და დავით წიფურიამ (კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი) განიზრახეს “სილქნეტის” სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა.
გამოძიების ცნობით, 2013 წლის 26 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ “სილქნეტთან” გააფორმა ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შესყიდვის, ქსელური აპარატურის შეძენა-მონტაჟისა და მომსახურების პირობით. ამ ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ “სილქნეტს” უნდა გადაუხადოს, ჯამში, 6.720.877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) უკვე გადარიცხულია 6.480.877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ “სილქნეტისგან” 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მხოლოდ 2.618 004.82 ლარს შეადგენს.
წყარო : “კვირის პალიტრა“