51-ე ბატალიონი ISAF-ის მისიაში ოფიციალურად ჩაერთო

  51-ე ბატალიონი ISAF-ის მისიის დასკვნით ფაზაზე სამშვიდობო მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. მეხუთე ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის მისიის გადაბარების საზეიმო ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან ქართული ქვედანაყოფი სამშვიდობო მისიით გათვალისწინებულ სრული სპექტრის ამოცანებს შეასრულებს. დროშის აღმართვის ცერემონიალში 51-ე ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და ბატალიონის სერჟანტი ომარ ბორტიშვილი მონაწილეობდნენ.
მისიის გადაბარების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დაესწრო. ცერემონიალზე იმყოფებოდა ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური აშშ-ის არმიის გენერალ-ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი, აშშ-ის არმიის ბრიგადის გენერალი კარლ ალექსი, ბრიგადის გენერალი მარკ ონეილი და ავღანეთში აშშ-ის არმიის მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ჯეფრი კოლტი.
ცერემონიალის დაწყებამდე ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძეს, ავღანეთში საქართველოს უფროს სამხედრო წარმომადგენელს, პოლკოვნიკ ჯონი ტატუნაშვილს და 51-ე ბატალიონის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას პირადად შეხვდა.
ცერემოანიალზე აშშ-ის არმიის სამხედრო ორკესტრმა საქართველოსა და აშშ-ის ჰიმნი შეასრულა. ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ქართულ ბატალიონს სიტყვით მიმართეს და სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.
უწყების ცნობით, მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის საერთაშორისო მისიის დასკვნით ფაზაზე, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სამშვიდობო მისიას შეასრულებს. ბატალიონის მთავარ ამოცანას კოალიციურ ძალებთან ერთად ბაზის დაცვა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და ოპერაციის რაიონში მშვიდობის დამყარება წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები