ზურაბ პატარაძემ ხულოს მერიასა და საკრებულოში შეხვედრები გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს, სამსახურების უფროსებს და საკრებულოს წევრებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებსა და მაღალმთიანი აჭარის განვითარების ხედვებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, მთავარ პრიორიტეტად მოსახლეობისთვის სათანადო გარემოს, შესაბამისი პირობების შექმნა და ტურისტული პოტენციალის გაზრდა რჩება.

„მქონდა შეხვედრები ჩემ უსაყვარლეს ხულოს მუნიციპალიტეტში. ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე. მჯერა, რომ მაღალმთიანი აჭარის განვითერება ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის გაძლიერებას ნიშნავს. მოქალაქეებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა იყო, არის და რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად, ხოლო ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის- მერიის, საკრებულოს აქტიური ჩართულობა და საერთო საქმისთვის სრული კოორდინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, მთავარ პრიორიტეტად რჩება მთის ტურისტული პოტენციალის გაძლიერება . განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გოდერძის უღელტეხილის განვითარება, რომელიც მაღალმთიანი აჭარის მარგალიტია. როგორც გენ.გეგმით დაგეგმილი კურორტი, იგი პირველია საქართველოში და აუცილებელია მისი განვითარების პარამეტრების დაცვა, რათა ოთხივე სეზონზე გაიზარდოს ტურისტული აქტივობა და შეიქმნას დამატებითი შესაძლებლობები ადგილობრივი მოსახლეობისთვის” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები