ლევან მაჭავარიანი: ჰერჩინსკი მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრება
“ეს არის აბსოლუტურად უმსგავსო განცხადება, რომელიც სითავხედის ყველანაირ საზღვარს სცდება”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ჰერჩინსკი მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრება.
„აქამდე „ქართულ ოცნებას“ გვაკრიტიკებდა, ყველანაირ საზღვარს ცდებოდა, მიკერძოებული იყო და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ფაქტობრივად, ოპოზიციის აქტივისტად წარმოჩინდა. არჩევნების წინ ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდა, „ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიეცა. ამ შემთხვევაში კი ჰერჩინსკი მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრება. ძალიან საინტერესოა, რა პასუხს გასცემს საგარეო საქმეთა სამინისტროს, როდესაც ამბობს, თითქოს იმავე დროში დავბრუნდებით, სამოქალაქო ომის პერიოდსა და ბნელ წარსულში. ეს ძალიან თავხედური განცხადებაა. მოლოდინი არც მაქვს, რომ ამ ყველაფერს რაიმე ლოგიკურ ახსნა, ლოგიკური დასაბუთება ექნება, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა პასუხს გასცემს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.