„სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება არასოდეს დიდი საქმე“ – ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღე

1876 წლის 23 აპრილს დაიბადა ივანე ჯავახიშვილი  – დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი, აკადემიკოსი. მას დღეს 150 წელი შეუსრულდებოდა.
1899 წელს მან დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი და, აღმოსავლური ენების ფაკულტეტის დადგენილებით, დატოვებულ იქნა უნივერსიტეტში საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1901 წელს მიავლინეს ბერლინის უნივერსიტეტში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. 1902 წლის აპრილ-სექტემბერში, ნ. მართან ერთად, ქართული ხელნაწერების აღწერისა და შესწავლის მიზნით, იმყოფებოდა სინას მთაზე. მან 1903 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა საქართველოს ისტორიის შემსწავლელი სექცია, ხოლო 1907 წელს იქვე დააარსა ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრე, სადაც მოხსენებებს მშობლიურ ენაზე კითხულობდნენ.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ივ. ჯავახიშვილი თავის თანამოაზრეებთან: ი. ყიფშიძესთან, აკ. შანიძესთან, შ.ვნუცუბიძესთან და სხვებთან ერთად, სამშობლოში დაბრუნდა და აქტიური ბრძოლა გააჩაღა კავკასიაში პირველი უმაღლესი დაწესებულების – უნივერსიტეტის დაარსებისათვის, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდა – 1918 წლის 26 იანვარს ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა.
1903 წლის 1 იანვარს ივ. ჯავახიშვილი დაინიშნა პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტად. ამ თანამდებობაზე იგი 1917 წლამდე მუშაობდა.
1918 წლის 30 იანვარს ივ. ჯავახიშვილმა წაიკითხა ქართულ უნივერსიტეტში პირველი ლექცია თემაზე: ¨ „ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფიო მწერლობასა და ცხოვრებაში“.
1919 წლის 17 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს.
1923 წლის 30 მარტს თსუ-ის პროფესორთა საბჭომ ივ. ჯავახიშვილი ახალი ვადით აირჩია რექტორად. სამწუხაროდ, მალე საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან დაიწყო ივ. ჯავახიშვილის წინააღმდეგ საშინელი ცილისმწამლებლური კამპანია, რასაც 1926 წლის 23 ივნისს მისი რექტორობიდან გათავისუფლება მოჰყვა.
30-იანი წლების მიწურულს სრულად დაფასდა მისი უდიდესი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე – 1937 წელს დაინიშნა შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმის დირექტორად. მისი თაოსნობით თბილისში მოეწყო „ვეფხისტყაოსნის“ 750 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა; 1937 წლის 27 დეკემბერს თბილისში გამართულ სსრკ-ის მწერალთა კავშირის V პლენუმზე წაიკითხა მოხსენება – „რუსთაველის ეპოქის საქართველოს სოციალური კულტურა და პოემა „ვეფხისტყაოსანი“.
1938 წლის 25 მაისს თსუ-ის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სამეცნიერო სესიაზე ივ. ჯავახიშვილმა წაიკითხა მოხსენება „ბრძოლა საქართველოში უნივერსიტეტის დაარსებისათვის“.
იგი შემდეგი სიტყვებით მოძღვრავდა სტუდენტ-ახალგაზრდობას: „მხოლოდ საფუძვლიანი ცოდნა მისცემს მათ შესაძლებლობას, ღირსეული ადგილი დაიკავონ საზოგადოებაში. უნდა ახსოვდეთ, რომ სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება არასოდეს დიდი საქმე. გულცივი, გულგრილი ადამიანი ვერ გააკეთებს ვერასოდეს დიდ საქმეს; უნდა უყვარდეს ყოველ მათგანს თავისი ხალხი, უნდა უყვარდეს მეცნიერება, უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას, რომ შეალიოს თავისი ძალა მეცნიერებასაც და ხალხსაც. სამეცნიერო მუშაობა ბედნიერებაა. ეს ისეთი ბედნიერებაა, რომელიც ყველას ხვედრს არ წარმოადგენს“. 
ივანე  ჯავახიშვილი 1940 წლის 18 ნოემბერს ლექციის კითხვის დროს გულის უეცარი შეტევის შედეგად გარდაიცვალა. დაკრძალეს 21 ნოემბერს თსუ-ის ეზოში პირველი რექტორის – პ. მელიქიშვილის გვერდით. 1953 წელს მის საფლავზე დაიდგა მოქანდაკე თ. ღვინიაშვილის მიერ შესრულებული ქანდაკება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები