ზარქუა – კალასის განცხადებაზე: ვნახეთ, “კალასების” გზა რა არის – დაქუცმაცებული ევროკავშირი, დაცემული ეკონომიკა, გაუცხოება შიგნით ევროკავშირში და კონფრონტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან
“დიახ, კალასების, რაისა კომუნისტების და ურსულას გზას ნამდვილად არ გავყვებოდით და მადლობა ღმერთს, რომ ეს სწორი არჩევანი გავაკეთეთ, რადგან ვნახეთ, “კალასების” გზა რა არის – დაქუცმაცებული ევროკავშირი, დაცემული ეკონომიკა, გაუცხოება შიგნით ევროკავშირში და კონფრონტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა აცხადებს.
კერძოდ, ის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებას ეხმაურება.
“ქალბატონ კალასს განუცხადებია, რომ თურმე ქართველ ხალხს უჭერს მხარს, მაგრამ მთავრობის წინააღმდეგია – რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ არ გავყევით კალასის გზას. დიახ, კალასების, რაისა კომუნისტების და ურსულას გზას ნამდვილად არ გავყვებოდით და მადლობა ღმერთს, რომ ეს სწორი არჩევანი გავაკეთეთ, რადგან ვნახეთ კალასების გზა რა არის – დაქუცმაცებული ევროკავშირი, დაცემული ეკონომიკა, გაუცხოება შიგნით ევროკავშირში და კონფრონტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არის კალასის და ურსულას გზა. ხოლო ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვაძლიერებთ ეროვნულ ღირებულებებს, მართლმადიდებლობას და ვიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩვენ ყოველთვის ავირჩევთ ქართველი ხალხის ინტერესების გზას და ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვა, სუვერენიტეტის და ეკონომიკის განვითარება. რაც შეეხება იმას, რას იტყვიან კალასები და მისი მიმდევრები, ჩვენთან ნაკლებად საინტერესოა, რადგან მათ ავტორიტეტი არა აქვთ, არც შიგნით. მოუსმინეთ აბა, რა განცხადებებს აკეთებენ თვითონ ევროპარლამენტში ევროპარლამენტარები. კალასი ან ურსულა თავმოყვარეები რომ იყვნენ, თანამდებობას დატოვებდნენ. არა, ისინი არიან „დიფ სტეიტიდან“ მართული, რომელთაც დაანგრიეს ევროეკონომიკა და ევროკავშირის ღირებულებები და ინტერესები”, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, მაგრამ არა – საქართველოს მთავრობას.