საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე წარმატებულ თანამშრომლობას. საუბარი შეეხო ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანასთან დაკავშირებულ საკითხებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე პარტნიორობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ეროვნული ინტერესების დაცვასა და საერთო რეგიონული ინტერესების გათვალისწინებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებსა და აქტიურ კონფლიქტებს. აღინიშნა, რომ ამ გამოწვევების ფონზე, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება გლობალურ მნიშვნელობას იძენს. ამასთან, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს კომპლექსურ და სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში შუა დერეფნის მზარდ როლსა და რეგიონული დაკავშირებადობის განვითარების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ანტონ ობოლაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან დიასამიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები