მარიამ ქვრივიშვილი: დღეს ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჰიდრომააკუმულირებელი, მარეგულირებელი ჰესები ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური

„მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარების პროცესი არის საკმაოდ კომპლექსური და მასში ჩართულია ბევრი მხარე. გზშ-ს პროცედურა სრულად იმართება გარემოს დაცვის სააგენტოს მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის პროცედურა, რომელიც დღეს კანონითაა დადგენილი, სააგენტოს მხრიდან ზედმიწევნით სრულდება”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედი”-ს ეთერში.

ეკონომიკის მინისტრმა ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარების პროცესში მსხვილი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია, რომელიც, თავის მხრივ, ფართო საჯარო განხილვებსაც გულისხმობს. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ პროცესში ხელისუფლება იაზრებს და იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს კიდევ უფრო მეტ საჯარო დიალოგს საზოგადოებასთან, მოსახლეობასთან.

„ეს არის თემა, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი მითების, საკმაოდ ბევრი მისინტერპრეტაციის საგანი გახდა. რაც შეეხება მსხვილ პროექტებს, დღეს ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჰიდრომააკუმულირებელი, მარეგულირებელი ჰესები ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, რომელიც უზრუნველყოფს სწორ ბალანსს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის, ეკონომიკის განვითარების, ენერგოუსაფრთხოების, ისევე როგორ ენერგეტიკული სექტორის განვითარების და გარემოს დაცვის თითოეული მნიშვნელოვანი კომპონენტის ზედმიწევნით გათვალისწინებით. ეს უზრუნველყოფს მთელი ამ პროექტის მდგრადობას არამხოლოდ ეკონომიკურად, არამედ სოციალური და გარემოს დაცვით ყველა მნიშვნელოვან კომპონენტში”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი პროცედურის შესაბამისად, პროექტების განხილვის, დაწყებისა და დასრულების ფაზებში ყველა ზემოაღნიშნული პირობა გათვალისწინებულია და ამ საკითხზე ყველა უწყება და ჩართული მხარე აქტიურად მუშაობს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები