სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი, 1992 წელს დაბადებული ჭ.ჭ., 1992 წელს დაბადებული ხ.ო. და 2006 წელს დაბადებული ა.ჰ. დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ, სხვადასხვა დროს, ბრალდებულებმა ჭ.ჭ-მ და ა.ჰ-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი, ხოლო ბრალდებულმა ხ.ო-მ უკანონოდ გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში.
“ბრალდებულების ა.ჰ-ს და ხ.ო-ს მიმართ გატარდა საიმიგრაციო პროცედურა და ქვეყნიდან იქნენ გაძევებულნი, ხოლო ჭ.ჭ-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია ინფორმაციაში.