შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი ანზორ შ, 1991 წელს დაბადებული ლაშა ნ. და 1987 წელს დაბადებული ლუკა ო. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 17 ოქტომბერს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და დანებით შეიარაღებული 4 ნიღბიანი პირი ყაჩაღურად თავს დაესხა დუშეთის რაიონის სოფელ ხარხეთში მცხოვრებ გვიანიშვილების ოჯახს. თავდამსხმელებმა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გვიანიშვილების ოჯახიდან 2 400 ლარი და 500 ამერიკული დოლარი წაიღეს. ოთხივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ანზორ შ. მცხეთაში, ხოლო ლაშა ნ. და ლუკა ო. დუშეთის რაიონის სოფელ ნადიბაანში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 ნიღაბი და 3 წყვილი ხელთათმანი. მეოთხე თანამზრახველის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=YG_zj7sO0mg” width=”560″ height=”315″]