დეკანოზი არჩილ ხაჩიძე: ოჯახის სიწმინდის დღე, საყოველთაო ნათლობა, ალილო, შობის დღესასწაულზე ფანჯარასთან დანთებული სანთელი – ეს ტრადიციები პატრიარქის სახელს უკავშირდება

“ოჯახის სიწმინდის დღე, საყოველთაო ნათლობა, ალილო, შობის დღესასწაულზე ფანჯარასთან დანთებული სანთელი – ეს ტრადიციები პატრიარქის სახელს უკავშირდება,”- ამის შესახებ დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქი ყოველთვის ცდილობდა სწორედ იმ ტრადიციების აღდგენისთვის თუ დაფუძნებისთვის შეეწყო ხელი, რომელიც გულისხმობდა ადამიანისთვის სიხარულის ჩუქებას და გაზიარებას.

„ერთ-ერთი ამ ტრადიციათაგან, რომელიც აღდგა ან დაფუძნდა, ეს არის ოჯახის სიწმინდის დღე. ჩაიფიქრა, რომ ეს დღე უნდა აღნიშნულიყო რაც შეიძლება ფართოდ და ღირსეულად. ოჯახის სიწმინდის დღე არის ყოველწლიურად შეხსენება იმისა, რომ ოჯახური არის გამორჩეული ღირებულება, რომლის ღალატი და გადასხვაფერება დამღუპველი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის, მუდმივად ლოცულობდა თავისი ნათლულების სახელზე. ეს უკავშირდებოდა იმ ზრუნვას, რომ ადამიანებს იმედი არ დაჰკარგოდათ, ადამიანებს ჰქონოდათ იმის მოლოდინი, რომ ღმერთი თუ ადამიანს ამ ქვეყნად მოიყვანს, მას თავის წილ მადლსა და სიკეთეს მოაყოლებს.
მისი უწმინდესობა ყოველთვის ცდილობდა სწორედ იმ ტრადიციების აღდგენისთვის თუ დაფუძნებისთვის შეეწყო ხელი, რომელიც გულისხმობდა ადამიანისთვის სიხარულის ჩუქებას და გაზიარებას. ალილო არის ერთ-ერთი ყველაზე ადრე აღდგენილი ტრადიცია. ალილოს ტრადიციაში მონაწილეობა ადამიანებს ანგელოზებს ამსგავსებს, ვინაიდან სწორედ ანგელოზები იყვნენ პირველი მახარებლები ქრისტესშობისა. სანთლის დანთება არის ტრადიცია, რომელიც უშუალოდ მისი უწმიდესობის მიერ არის დაწესებული, ფაქტობრივად საქართველო გახდა გამავრცელებელი დანარჩენ მსოფლიოში ამ ტრადიციისა. მისი უწმინდესობის მიერ განახლებული თუ დადგენილი ერთ-ერთი განახლებული ტრადიცია არის შვიდგზის ლოცვების წესი. მიიჩნევდა, რომ ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც მან გააკეთა თავისი მსახურების განმავლობაში, რადგანაც დღის განმავლობაში შვიდჯერ ერთად ვდგებით ღვთის წინაშე სალოცავად და შესაბამისად ვურიგდებით ერთმანეთს და ღმერთს“, – განაცხადა დეკანოზმა.

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები