იტალიის ქალაქ ივრეას პროკურატურა 55 წლის მამაკაცის საქმეს იძიებს, რომელიც საკუთარ სახლში საქართველოდან წაყვანილ პატარა გოგონას ზრდიდა და აცხადებდა, რომ ის მისი შვილი იყო,- ინფორმაცია იტალიურ მედიაში ვრცელდება.
ჩატარებულმა დნმ-ის ტესტმა დაადასტურა, რომ მამაკაცი ბავშვის ბიოლოგიური მამა არ არის.
გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი აღმოსავლეთ ევროპაში მოგზაურობიდან იტალიაში ჩვილ ბავშვთან ერთად დაბრუნდა და ამბობდა, რომ გოგონა მისი და ყაზახეთის მოქალაქე ქალის შვილი იყო, რომელმაც ბავშვი დაბადების შემდეგ მიატოვა.
პროკურატურის მონაცემებით, ბავშვი 2023 წლის 20 ივნისს, თბილისში დაიბადა.
მამაკაცმა იტალიის საელჩოში წარადგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დედა მას სრულ ნდობას უცხადებდა და ბავშვის იტალიაში წაყვანის უფლებას უტოვებდა. საელჩოში მამაკაცმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ბავშვი მისი ბიოლოგიური შვილია. ამ განცხადების საფუძველზე, ბავშვს იტალიაში შესვლის შესაძლებლობა მიეცა.
იტალიის საელჩომ საქართველოში ამ ამბავში ეჭვი შეიტანა, რის შემდეგაც საქმის განხილვაში ივრეას პროკურატურა ჩაერთო. პროკურორმა მამაკაცს დნმ-ის ტესტის გაკეთება სთხოვა, თუმცა მან უარი განაცხადა. საბოლოოდ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტესტი იძულებით ჩატარდა.
მოგვიანებით ჩატარებულმა დნმ-ის ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მამაკაცსა და ბავშვს შორის ბიოლოგიური კავშირი არ არსებობს.
გამომძიებლები ასევე აღნიშნავენ, რომ მამაკაცის ტელეფონში ვერ იპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მის მიერ აღწერილ ურთიერთობას ბავშვის დედასთან ან კვიპროსში მათ შეხვედრას.
ამ ეტაპზე მამაკაცს, შესაძლოა, ბრალი წაუყენონ სამოქალაქო მდგომარეობის გაყალბებაში, რადგან მან ბავშვის დაბადების დოკუმენტებში თავი მამად წარადგინა.
სამართალდამცველები ამასთან ერთად ამოწმებენ, ხომ არ აქვს საქმეს კავშირი ბავშვის გატაცებასთან ან შესაძლო გაყიდვასთან.
ბავშვი ამჟამად სოციალური სამსახურის მეურვეობის ქვეშ იმყოფება და მისი შემდგომი სტატუსი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.