თურქეთის მოქალაქემ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს 2 301 000 ლარის ზიანი მიაყენა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, თურქეთის მოქლაქე იაშარ მუსტაფა გუვენი დააკავა, ხოლო ჯემალ ძნელაძე და ლევან მჟავანაძე პასუხისგებაში მისცა.
როგორც „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ შპს „L&K ჰოლდინგმა“ 2008 წლის 25 აგვისტოს გამართულ აუქციონზე, 800 720 ლარად შეიძინა ქ. ბათუმში, 20 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. აუქციონის პირობის მიხედვით, 36 თვის ვადაში უნდა განხორციელებულიყო არანაკლებ 3 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია და დასაქმებულიყო საქართველოს 100 მოქალაქე.
2011 წლის 15 დეკემბერს, შპს „L&K ჰოლდინგის“ დირექტორმა, იაშარ მუსტაფა გუვენმა წერილით მიმართა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და წარადგინა შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესახებ „დანი აუდიტის“ დირექტორის, ჯემალ ძნელაძის მიერ შედგენილი, ყალბი აუდიტორული დასკვნა.
გაყალბებული აუდიტორული დასკვნის მიხედვით, კომპანიის მიერ შესრულებული ინვესტიციამ შეადგინა 5 075 148 ლარი, რეალურად კი განხორციელებული იყო 2 643 845 ლარის ინვესტიცია. დასკვნის წარდგენის პერიოდში, სამინისტროს მხრიდან ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, ლევან მჟავანაძეს კანონით ევალებოდა შემოწმება და კონტროლი შესრულებული ვალდებულების, თუმცა ის გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და არ მოახდინა კომპანიის წარმოდგენილი დასკვნის მონაცემთა გადამოწმება და დადასტურებული იქნა რეალურად არშესრულებული ინვესტიცია.
აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად, სახელმწიფოს მიადგა 2 301 000 ლარის ზიანი. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის 185-ე, 342-ე და 362-ე მუხლით.