ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – აშშ მწარედ ინანებს ირანული სამხედრო გემის ჩაძირვას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ინდოეთის ოკეანეში ირანული სამხედრო გემის ჩაძირვის შემდეგ, შეერთებულ შტატებს დაემუქრა და თავდასხმას სისასტიკე უწოდა.

“აშშ-მ სისასტიკე ჩაიდინა ზღვაში, ირანის სანაპიროდან 2000 მილის დაშორებით. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: აშშ მწარედ ინანებს მის მიერ შექმნილ პრეცედენტს”,- განცხადა არაღჩიმ.

მისი თქმით, ფრეგატი IRIS Dena, რომელზეც ეკიპაჟის 130 წევრი იმყოფებოდა, ინდოეთის საზღვაო ფლოტის სტუმრის სტატუსით საერთაშორისო წყლებში მიცურავდა, როდესაც მასზე, გაფრთხილების გარეშე, თავდასხმა განხორციელდა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გემი ოთხშაბათს ამერიკული წყალქვეშა ნავიდან გასროლილი ტორპედოს შედეგად ჩაიძირა და ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ ტიპის პირველი თავდასხმა იყო.

შრი-ლანკამ, რომელმაც სამაშველო ოპერაციები ჩაატარა, თავდასხმის შემდეგ დაადასტურა, რომ ეკიპაჟის სულ მცირე 80 წევრი დაიღუპა. ათობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები