„პოლიფონია“ – ნინო დევდარიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
27 თებერვალს, 19:00 საათზე, გალერეა „წითელი კვადრატი“ ნინო დევდარიანის პერსონალურ გამოფენას – „პოლიფონიას” უმასპინძლებს.
ნინო დევდარიანი: „ჩემი ინსპირაცია იყო და არის დადებითი და უარყოფითი ემოციების აღქმა, რომელიც დამიგროვდა და დაილექა ჩემს ქვეცნობიერში წლების განმავლობაში.
რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე და ალბათ უფრო თავისით მოვიდა, რომ ჩემი შინაგანი ხმა განსხვავებული ობიექტების, თემების, გამოგონილი და რეალური ფიგურების სახით მომეტანა მაყურებლამდე და დავლაპარაკებოდი მათ უნივერსალური გრძნობების ენაზე. ამასთან, მინდა აქვე აღვნიშნო, რომ აქამდე არასდროს არაფერი დამიხატავს (მხოლოდ 2 წელია რაც დავიწყე ხატვა).
ყველა ჩემი ნახატი გაჯერებულია მუსიკით, ჯაზით… ისევე როგორც ჯაზი წარმოადგენს მარტივი პატარა მელოდიების, ძველი და ახალი ნოტების, ნიუანსების იმპროვიზაციას, ასევე ჩემი ნახატებიც ეფუძნება იმ სხვადასხვა გაცოცხლებულ განსხვავებულ ფიგურებს, რომელიც არის ჩემი სამყარო.
რასაკვირველია „მხატვარი“ ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ჩემი კოლექციით შევეცდები, გავახალისო ან თუნდაც დავაფიქრო მაყურებელი“.
გამოფენა 3 მარტამდე გაგრძელდება.
მისამართი: ირაკლი აბაშიძის ქ. 42.