თავდაცვის სამინისტროში გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე გენდერული თანასწორობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მან სტუმრებს ბოლო პერიოდში თავდაცვის უწყებაში ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნო.
თავდაცვის სამინისტრომ უკვე დაამტკიცა გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დოკუმენტი. შეირჩნენ და მომზადდნენ მრჩევლები გენდერულ საკითხებზე, რომლებიც როგორც სამოქალაქო ოფისში, ასევე, შეიარაღებულ ძალებში მუშაობენ.
თითოეულ ქვედანაყოფში ბრიგადის დონეზე ორი გენდერული მრჩეველი მსახურობს – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, რომელთა მოვალეობაში თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა შედის. მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ექსპერტების რეკომენდაციები მოისმინეს. მხარეებმა მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს. შეხვედრას ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.