დიდ ბრიტანეთში, გარდაცვლილი დონორის საშვილოსნოს გადანერგვის შედეგად პირველი ბავშვი დაიბადა

დიდ ბრიტანეთში პირველი ბავშვი შეეძინა ქალს, რომელსაც საშვილოსნო გარდაცვლილი დონორისგან გადაუნერგეს, რადგან თავად არ ჰქონდა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ქირურგებმა ლონდონიდან და ოქსფორდიდან, რომლებიც გადანერგვაში მონაწილეობდნენ და დედას ორსულობისა და მშობიარობის დროს აკვირდებოდნენ, ბავშვის დაბადებას „გარდამტეხი მომენტი“ უწოდეს, რომელმაც შეიძლება, იმედი მისცეს ბევრ ქალს, ვისაც უნდა, შვილი ჰყავდეს და არ შეუძლია.

“ბიბისის” ცნობით, ბავშვი ახლა 10 კვირისაა. ის 2025 წლის შობამდე ცოტა ხნით ადრე, დასავლეთ ლონდონში, დედოფალ შარლოტასა და ჩელსის საავადმყოფოში დაიბადა. დაბადებისას მისი წონა დაახლოებით 3.2 კგ იყო.

როგორც მედია აღნიშნავს, ბიჭის მშობლები, გრეის ბელი და სტივ პაუელი, შვილის დაბადებას ნამდვილ სასწაულს უწოდებენ. მათი თქმით, დონორის ოჯახმა წარმოუდგენელი „სიკეთე და თავგანწირვა“ გამოიჩინა და ტრანსპლანტაციის ნებართვით მათ „წარმოუდგენელი საჩუქარი“ გაუკეთა.

გრეისის საშვილოსნოს გადანერგვის ოპერაცია ოქსფორდში, ჩერჩილის საავადმყოფოში 2024 წლის ივნისში ჩატარდა და 10 საათს გაგრძელდა. რამდენიმე თვის შემდეგ წყვილს ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) ჩაუტარდა, რასაც ლონდონში ემბრიონის გადატანა მოჰყვა.

აღსანიშნავია, რონ სულ, მსოფლიოში 100-ზე მეტი საშვილოსნოს გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც 70-ზე მეტი ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები