ბრიტანეთის პოლიციამ შეერთებულ შტატებში ბრიტანეთის 72 წლის ყოფილი ელჩი, პიტერ მანდელსონი დააკავა, რომელიც ფინანსისტ ეპშტეინთან კავშირების გამო თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით არის ეჭვმიტანილი.
მანდელსონი დიდი ბრიტანეთის ელჩის თანამდებობას შეერთებულ შტატებში 2025 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე იკავებდა.
ბრიტანული და ამერიკული მედიის ცნობით, დაკავებიდან რამდენიმე საათში, დაკითხვის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მეტროპოლიტენის პოლიციის პრესრელიზებში მანდელსონის ვინაობა არ არის მითითებული, თუმცა მითითებულია, რომ ყოფილი მინისტრის (მანდელსონი წლების განმავლობაში სამ სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა) წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩხრეკა მასთან დაკავშირებულ ორ მისამართზე ჩატარდა.
2025 წლის სექტემბერში, არასრულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოქვეყნებამ მანდელსონის ვაშინგტონში ელჩის თანამდებობიდან გადადგომა განაპირობა. თებერვლის დასაწყისში პოლიციამ ყოფილი დიპლომატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება კონფიდენციალური ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის ბრალდებით დაიწყო.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2009 წელს მანდელსონმა ამერიკელ ფინანსისტს სამთავრობო დოკუმენტი გაუგზავნა. ხოლო 2003-2004 წლებში ყოფილმა დიპლომატმა ეპშტეინის ანგარიშებიდან სამი გადარიცხვით 75 000 აშშ დოლარი მიიღო, თითოეული 25 000 აშშ დოლარის ოდენობით.
ელექტრონული ფოსტით მიმოწერაში მანდელსონი ასევე ეპშტეინს მოუწოდებდა, ვადამდე გათავისუფლებისთვის ებრძოლა, მას შემდეგ, რაც 2008-2009 წლებში პროსტიტუციის ორგანიზებისთვის გაასამართლეს.