მარნეულში ბავშვებისთვის ბავშვთა უფლებებზე ინტერაქტიული დიალოგი გაიმართა
2026 წლის 20 თებერვალს ბავშვებისთვის ბავშვთა უფლებებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის, ევროკავშირის საქართველოს ოფისისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გაიმართა ინტერაქტიული შეხვედრა – ბავშვები თავიანთი უფლებებისთვის: დიალოგი ბავშვებსა და ლიდერებს შორის. ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი შეხედულებები გაეზიარებინათ და თავიანთ უფლებებზე უშუალო დიალოგში ჩართულიყვნენ საქართველოს სახალხო დამცველთან ლევან იოსელიანთან, სახალხო დამცველის მოადგილესთან ირინე ჩიხლაძესთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილესთან ლენკა ვიტკოვასა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში ალექსანდრუ ნართეასთან.
“სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ბავშვებისთვის მათი უფლებების დაცვის მექანიზმების ახსნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მონაწილეებს ასევე, წარუდგინეს ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ბავშვთა უფლებებზე მომზადებული ბავშვებისთვის ადაპტირებული საინფორმაციო მასალები, რომლებიც მიზნად ისახავს – ბავშვთა უფლებებისა და არსებული დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაცია გახდეს უფრო ხელმისაწვდომი, საინტერესო და მარტივად გასაგები ბავშვებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მომზადებული მასალების, მათ შორის, სკოლებში უშუალო გამოყენების მნიშვნელობაზე.
დისკუსიას მოჰყვა პრაქტიკული ნაწილი, სადაც ბავშვებს ჰქონდათ საშუალება, უკეთ გასცნობოდნენ მასალებს, გაეზიარებინათ იდეები თუ როგორ შეიძლება ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება ქვეყანაში,”- წერია ინფორმაციაში.