ლაშა ავალიანი აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავასთან და აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის ახალ ხელმძღვანელ ლევან სიხარულიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა ავალიანმა ლაბორატორიის ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სფეროში კვლევების ხარისხისა და სერვისების გაუმჯობესებას.
შეხვედრა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიმართა.
მხარეებმა აგრარული დარგის განვითარებისთვის საერთაშორისო სტანდარტის კვლევებზე წვდომის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. საუბარი შეეხო კვლევის უკვე დანერგილ მეთოდებს და არსებულ საჭიროებებს.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავამ, თევზის დიაგნოსტიკისა და კვლევის მიმართულების განვითარების გარდა, რეგიონში თაფლის მიმართულებით კვლევების გაძლიერების საჭიროებაზე ისაუბრა. აღნიშნულ ინიციატივაზე სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა მზაობა გამოთქვა. ლაბორატორიის დირექტორის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია თაფლის მიმართულებით კვლევების განვითარებაში სრულ მხარდაჭერას გაუწევს აჭარის ლაბორატორიულ კვლევითი ცენტრს.
შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია დაათვალიერეს და კვლევების მეთოდოლოგიაზე მიიღეს ინფორმაცია.