“საქართველოს მნიშვნელობა არის უალტერნატივო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აზიასა და ევროპას შორის ურთიერთკავშირებზე” – ვოლსკი
“საქართველოს მნიშვნელობა არის უალტერნატივო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აზიასა და ევროპას შორის ურთიერთკავშირებზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო რადარიდან ვერ გაქრება.
„საქართველო არა თუ რადარიდან არ გამქრალა, გეოგრაფიული რუკიდან ვერ გაქრება და სანამ გეოგრაფიულ რუკაზე არსებობს საქართველო, რაც ყველასთვის არ არის სასიხარულო, იქამდე საქართველო რადარიდან ვერ გაქრება. დავოსშიც აღნიშნა ალიევმა, რომ არის უშველებელი ინვესტიციები განხორციელებული, რომ ეს კომუნიკაციების ქსელი განვითარდეს.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ერთი კომუნიკაცია, ვთქვათ ზანგეზურის დერეფანი, რომელსაც ტრამპის სახელი ეწოდა უკვე და საუბრის დროს ასე მოიხმარება, ჩაანაცვლებს სხვა დერეფანს, რასაკვირველია, ამ ადამიანებმა ან არ იციან, ან შეგნებულად იტყუებიან. ასე, რომ საქართველოს მნიშვნელობა არის უალტერნატივო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აზიასა და ევროპას შორის ურთიერთკავშირებზე“, – აღნიშნა ვოლსკიმ.