“პაციენტს აღენიშნებოდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მან მოულოდნელად დაკარგა გონება” – თბილისში სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცი გადაარჩინა
თბილისში სამედიცინო ბრიგადამ 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე იხსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი – “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.
“თბილისის მე-5 რაიონული სამსახურის სასწრაფო დახმარების 0530 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით – „ტკივილი გულმკერდის არეში“ მიიღო.
სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე 50 წლამდე მამაკაცი დახვდა, რომელსაც ტკივილი გულმკერდის არეში აღენიშნებოდა. პაციენტის გადმოცემით, დაახლოებით 2 საათის წინ, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ შეუძლოდ გახდა, ტკივილის ხასიათი პერიოდულად ძლიერდებოდა, რის შემდეგაც გადაწყვიტა სასწრაფო დახმარების გამოძახება.
მიუხედავად იმის, რომ პაციენტი ქრონიკულ დაავადებებს არ აღნიშნავდა, ანამნეზის სრულყოფილი შეკრების, პაციენტის სქესის, ასაკის და ტკივილის ხასიათის გათვალისწინებით, ექიმმა ეჭვი მწვავე კორონარულ სინდრომზე მიიტანა, რაც ელექტროკარდიოგრამაზე ნანახი პათოლოგიური ცვლილებებით დადასტურდა – პაციენტს აღენიშნებოდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.
ბრიგადის წევრებმა დროულად შეაფასეს სასიცოცხლო პარამეტრები და დაუყოვნებლივ დაიწყეს პაციენტის მართვა შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით.
ჰოსპიტალიზაციის პროცესში, პაციენტმა მოულოდნელად დაკარგა გონება, მონიტორზე, რომელიც ტრანსპორტირების პერიოდში უწყვეტად მუშაობდა, დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია.
ექიმის მითითებით მძღოლმა შეწყვიტა გადაადგილება, ხოლო ბრიგადის წევრებმა ავტომობილში დაუყოვნებლად დაიწყეს გულ-ფილტვის რეანიმაცია. პირველივე ელექტროშოკის შემდეგ აღდგა პულსი და სუნთქვა. პაციენტი გახდა ადეკვატური, კონტაქტური, რის შემდეგაც აღდგენილი ცნობიერებით გადაყვანილ იქნა კლინიკაში, სადაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის დასმული დიაგნოზი დადასტურდა და შეაბმისი კვლევები და მკურნალობა გაგრძელდა.
ამ დროისთვის პაციენტი იმყოფება კლინიკის კარდიოინტენსიურ განყოფილებაში და თავს კარგად გრძნობს”, – წერია ინფორმაციაში.