ვინ არიან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც პროკურატურამ დააკავა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის გიზო ღლონტის დაკავება მეუღლემ მედიით შეიტყო. როგორც მაია ღლონტმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, გიზო ღლონტმა დღეს დილით შვილი უნივერსიტეტში გამოცდაზე წაიყვანა და მის შემდეგ რა მოხდა, არაფერი იცის.

„ჩემს მეუღლეს და მე არაფერი გვქონდა დამალული. დაკავების ამბავი რომ გავიგე, ცუდად გავხდი და სასწრაფო – სამედიცინო ბრიგადის ექიმებმა ძლივს მომასულიერეს. დღეს დილით შვილთან ერთად უნივერსიტეტში წავიდა, მერე რა მოხდა, ან სად დააკავეს, არაფერი ვიცი”,  – აღნიშნა მაია ღლონტმა. მისი თქმით, გიზო ღლონტი თავდაცვის სამინისტროდან წელს წავიდა და მამას  სახლის საქმეებში ეხმარებოდა.

როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გიზო ღლონტმა უწყება პირადი განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 1 იანვარს დატოვა. მისი ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ მან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების დროს ხელფასის სახით 16000.00 ლარი მიიღო.

მეუღლის დაკავების ფაქტს გაუგებრად აფასებს კიდევ ერთი დაკავებული მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი.

„ალბათ, რაღაც გაუგებრობაა, გაირკვევა ყველაფერი“, – განუცხადა „კვირას“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ჯ-6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსის დავით წიფურიას მეუღლემ თამარ თურქიაშვილმა. სამი შვილის მამამ, რომელიც თავდაცვის სამინისტროში 2010 წლიდან მუშაობს, ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2014 წლის 21 მაისს შეავსო. ამ დოკუმენტის მიხედვით, დავით წიფურიას თბილისში, ნუცუბიძის მე-3 მიკრორაიონში ერთი საცხოვრებელი ბინა აქვს. მისი შემოსავალი 27 622.42 ლარს გაუტოლდა.

კიდევ ერთი დაკავებული ნუგზარ კაიშაური, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე 2013 წლიდან მუშაობდა,  სამი შვილის მამაა და ოჯახთან ერთად ვარკეთილში ცხოვრობს. ის თავდაცვის სამინისტრომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. როგორც ნუგზარ კაიშაური ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითებს, შს სამინისტროში მუშაობისას მისი სახელფასო თანხა 15 642.00 ლარს გაუტოლდა. ნუგზარ კაიშაურმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2014 წლის 13 იანვარს შეავსო. თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ჯ-6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსმა ნუგზარ კაიშაურმა ერთი წლის განმავლობაში თანამდებობიდან 35 545.98 ლარი ხელფასის სახით მიიღო.

პროკურატურამ დღეს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი გიორგი ლობჟანიძე დააკავა, დაპატიმრებამდე ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. მისი ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 2 თებერვლით თარიღდება. მან ამ თანამდებობაზე ყოფნისას ხელფასის სახით 16 684.26 ლარი მიიღო. მანამდე გიორგი ლობჟანიძე შპს „თეგეტა მოტორსის“ კორპორატიული გაყიდვების ოფიცერი იყო. მან კომპანიიდან შემოსავლის სახით ქონებრივ დეკლარაციაში 10 429.88 ლარი მიუთითა.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს არჩილ ალავიძეს, მას ქონებრივი დეკლარაცია არასდროს შეუვსია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

“2013 წლის 26 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტთან“ გააფორმა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შესყიდვის, ქსელური აპარატურის, შეძენა-მონტაჟისა და მომსახურების პირობით. ამ ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს“ უნდა გადაუხადოს ჯამში 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ  (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტისგან“   2015 წლის  16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგენს მხოლოდ  2 618 004.82 ლარს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრო უკვე გამოეხმაურა პროკურატურას და გამოძიების გამჭვირვალეობიდან გამომდინარე, უწყებასა და კომპანია „სილქნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა მოითხოვა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება და გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, გააგრძელოს ინტენსიური თანამშრობლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები