„სილქნეტი“ პროკურატურას პასუხობს – მზად ვართ გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ

კომპანია „სილქნეტი“ მზად არის მთავარ პროკურატურასთან ითანამშრომლოს და ნებისმიერი სახის ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდოს, – ამის შესახებ „სილქნეტის“ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც კომპანიამ „კვირას“ მიაწოდა.  მათი ინფორმაციით, ტენდერის ყველა ეტაპზე, „სილქნეტის“ წარმომადგენელთა ქმედებები სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობაში იყო.
„სს სილქნეტმა, სხვა კომპანიებთან ერთად, ტენდერით დადგენილ ვადებში წარადგინა შესაბამისი წინადადება ყველა იმ დოკუმენტთან და ინფორმაციასთან ერთად, რაც მოთხოვნილი იყო სატენდერო პირობებით. წარდგენილი წინადადება ჩაითვალა საუკეთესოდ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან და „სილქნეტი“ გამოცხადდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვაობა „სილქნეტის“ მიერ წარდგენილ წინადადებასა და მეორე ადგილზე გასული კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებას შორის 2 მილიონ 400 ათას ლარზე მეტია, მესამე ადგილზე გასულ კომპანიას შორის კი – 3 მილიონ 600 ათასი ლარზე მეტი. შეგვიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ტენდერის ყველა ეტაპზე, „სილქნეტის“ წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან. დღეისათვის „სილქნეტის“ მხრიდან მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დროულად შესრულების მიზნით.
დაარსების დღიდან, კომპანია „სილქნეტი“ წარმოადგენს ერთ-ერთ სოლიდურ და სანდო რეპუტაცის მქონე კომპანიას ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და უკვე წლებია სხვადასხვა ტიპის მომსახურეობას უწევს უამრავ კორპორატიულ კლიენტს (მათ შორის თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებას, ძალოვანი სტრუქტურების ჩათვლით). დაინტერესების შემთხვევაში, კომპანია სილქნეტი მზად არის, მიაწოდოს გამოძიებას ნებისმიერი ინფორმაცია, რაც წაადგება საქმის ეფექტურად გამოძიებას“, – ნათქვამია „სიქნეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებში.
თავდაცვის სამინისტრო უკვე გამოეხმაურა პროკურატურას და  გამოძიების გამჭვირვალეობიდან გამომდინარე, უწყებასა და კომპანია „სილქნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა მოითხოვა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება და გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, გააგრძელოს ინტენსიური თანამშრობლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები