თაკო ყურშავიშვილის ცხედარს გამოკვლევა უტარდება

17 წლის თაკო ყურშავიშვილის ცხედარი ამ დრომდე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია მოთავსებული და გამოკვლევა უტარდება, –  ამის შესახებ „კვირას“ მე-20 საჯარო სკოლის პედაგოგმა ირინა მარიანიძემ განუცხადა. როგორც ირინა მარიანიძემ აღნიშნა, მის მოსწავლეს თვითმკვლელობამდე არანაირი წერილი არ დაუტოვებია.
„თაკოს თვითმკვლელობით შეძრწუნებულები ვართ. სამართალდამცველები მთელი დღის განმავლობაში იმ ადგილას ათვალიერებდნენ, სადაც გოგონა გარდაცვლილი ნახეს, მაგრამ ვერც წერილს მიაგნეს, მეგობრებმაც არაფერი იციან. ყველას უამრავი კითხვა გვაწუხებს. ვიცით, რომ თაკომ  თავი მამამის ტაბელური იარაღით მოიკლა. მამამისი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელია“- აღნიშნა კლასის დამრიგებელმა.
მისივე თქმით, 17 წლის თაკო ყურშავიშვილი თვითმკვლელობამდე მარტო იმყოფებოდა.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, თაკოს ძმა, რომელიც ფეხბურთელია, ამ დღეებში მოსკოვში შეჯიბრზე წასვლას აპირებდა და მშობლები დღეს დილით სწორედ ამ დოკუმენტების შესაგროვებლად იყვნენ წასულები. გოგონა სახლში მარტო იმყოფებოდა“, – აცხადებს ირინა მარიანიძე. მისი თქმით, თვითმკვლელობამდე ორი დღით ადრე თაკო ყურშავიშვილი თანაკლასელებსაც ესაუბრა და დაპირდა, რომ სკოლაში სწავლის პროცესს მალე დაუბრუნდებოდა.
„შაბათს თანაკლასელს ესაუბრა და დაჰპირდა, რომ,  როგორც კი გამოჯანმრთელდებოდა და სკოლაში დაბრუნდებოდა.. მეტი არავინ არაფერი იცის. გაოგნებულები ვართ…”, – ამბობს კლასის დამრიგებელი.
შეგახსენებთ, რომ თაკო ყურშავიშვილი თვითმკვლელობამდე ბოლო 20 დღის განმავლობაში ვირუსის გამო სკოლაში არ დადიოდა. საბავშვო ტელევიზია ,,ინკოგნიტოს” კურსდამთავრებული გოგონას ცხედარი ორხევის დასახლებაში, საკუთარ სახლში აღმოაჩინეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თაკო ყურშავიშვილის გარდაცვალების ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები