თავდაცვის სამინისტრო პროკურატურას პასუხობს და საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას ითხოვს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიების გამჭვირვალეობიდან გამომდინარე, უწყებასა და კომპანია „სილქნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას ითხოვს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება და გამოთქვამს სრულ მზადყოფნას გააგრძელოს ინტენსიური თანამშრობლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
„კვირა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი შესყიდვებს ახორცილებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. სამინისტროში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რომ შესყიდვების სისტემა მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს. სატენდერო კომისიის სხდომებს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები. თავდაცვის სამინისტრო მიერთებულია ნატო-ს კეთილსინდისიერების ამაღლების ინიციატივას. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ექსპერტებმა 2013 წელს სამინისტროს ანტიკორუფციული რეფორმები დადებითად შეაფასეს და წარმატებული გამოცდილების გაზიარება ნატო-ს პარტნიორი სახელმწიფოებისთვის ითხოვეს.
გასული წლებისგან განსხვავებით ფარული შესყიდვების პროცენტული მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული და წელს საერთო შესყიდვების 16 პროცენტს შეადგენს, მაშინ, როდესაც 2012 წელს შესყიდვების 74 პროცენტი საიდუმლო წესით ხორციელდებოდა.
საიდუმლო შესყიდვების შემთხვევებშიც კი, როდესაც თავდაცვის სამინისტროს კანონით აქვს უფლება მხოლოდ ერთ კომპანიასთან აწარმოოს მოლაპარაკება, ხორცილდება ფასთა გამოკითხვა. ასე მოხდა ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვის დროს, როდესაც სახელმწიფო საიდუმლო დაშვების მქონე ყველა კომპანიას დაეგზავნა განაცხადი, რათა წარმოედგინათ საკუთარი შემოთავაზება.
ამ კონკრეტულ შესყიდვას საიდუმლო გრიფი ადევს. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით მოეხსნას გრიფი აღნიშნულ შესყიდვას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.
თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება და გამოთქვამს სრულ მზადყოფნას გააგრძელოს ინტენსიური თანამშრობლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან”, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. უწყების ინფორმაციით, მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები