პროკურორი: ვიდეომასალა, რომელიც „ჰაკიმ ფაშას“ სახელით გავრცელდა, ჟვანიას გარდაცვალების საქმეში მანამდეც იდო
ვიდეომასალა, რომელიც „ჰაკიმ ფაშას” სახელით გავრცელდა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში მანამდეც იდო, – ამის შესახებ ჟვანიას საქმეზე დაკავებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას პროცესის შემდეგ პროკურორმა რევაზ ნადოიმ განაცხადა.
სასამართლოში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ლევან ჩაჩუას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. პროკურორის განცხaდებით, ლევან ჩაჩუამ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა მოვალეობა. ნადოის განმარტებით, მან სრულად არ ასახა ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრებზე საეჭვო უბნები.
დაკავებული ექსპერტი წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ იგი არსებითი განხილვების მანძილზე დაამტკიცებს საკუთარ უდანაშაულობას. შესავალ სიტყვაში ჩაჩუას ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ განაცხადა, რომ ბრალდება გამოგონილი და დაუსაბუთებელია და საეჭვო უბნები, რომელზეც პროკურატურა ამახვილებს ყურადღებას, პროკურორ რევაზ ნადოის ფანტაზიის ნაყოფია.
ლევან ჩაჩუას საქმეზე არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 5 ნოემბერს, 15.00 საათზე გაგრძელდება. სასამართლო პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით განახლდება. საქმეს მოსამართლე დავით მგელიაშვილი განიხილავს.