ირაკლი კობახიძე: 4 ოქტომბერს ჩაფიქრებული იყო მძიმე დანაშაული, ისინი კონკრეტულ სცენარებზე საუბრობდნენ, ეს დღეს ღიმილისმომგვრელია, მაგრამ ამ ყველაფრის გამო ხალხი იყო საკმაოდ აღელვებული, ჩვენმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად და ეფექტიანად, ამან მოგვცა მარტივად ამ გამოწვევის დაძლევის საშუალება
ჩაფიქრებული იყო მძიმე დანაშაული, ისინი კონკრეტულ სცენარებზე საუბრობდნენ ვინ სად გაიქცეოდა და ა.შ. ეს დღეს ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ 4 ოქტომბრამდე ხალხი იყო საკმაოდ აღელვებული ამ ყველაფრის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 4 ოქტომბერს დაანონსებული იყო დამხობის აქცია.
„დამხობის აქტის მცდელობა განხორციელდა 4 ოქტომბერს და ამ აქტს შეუერთდა ათასობით ადამიანი. კონკრეტული პარტიები, სამი პოლიტიკური პარტია იმ ოთხიდან, რომელმაც გადალახა ბარიერი, ღიად უცხადებდა მხარდაჭერას 4 ოქტომბრის აქციას, ყოფილი პრეზიდენტი და ა.შ. დაანონსდა დამხობის აქტი, დამხობის მცდელობა, ამას შეუერთდა ათასობით ადამიანი. ხოლო მას შემდეგ, რაც ჩავარდა ეს მცდელობა, კონკრეტული ადამიანები გაემიჯნენ მას, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა. ჩაფიქრებული იყო მძიმე დანაშაული, ისინი კონკრეტულ სცენარებზე საუბრობდნენ ვინ სად გაიქცეოდა და ა.შ. ეს დღეს ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ 4 ოქტომბრამდე ხალხი იყო საკმაოდ აღელვებული ამ ყველაფრის გამო, რადგან იმდენად ხმამაღალი განცხადებები კეთდებოდა ხელისუფლების დამხობასთან, ცვლილებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლების გაქცევასთან დაკავშირებით, რომ ბევრმა სერიოზულად მიიღო ეს, როგორც ოპოზიციაში, ასევე ოპოზიციის მიღმა. საბოლოო ჯამში ჩვენმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად და ეფექტიანად, ამან მოგვცა მარტივად ამ გამოწვევის დაძლევის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლებოდა ეს პროცესები განვითარებულიყო ბევრად უფრო რთულად, დაახლოებით ისე, როგორც განვითარდა მსგავსი პროცესები მაგალითად, შარშან ნოემბერ-დეკემბერში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.