„ევროპის დაცვა რუსეთის სამხედრო ავანტიურისგან“ – ირაკლი ალასანია საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე საფრანგეთში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, ფორუმის მთავარი თემებია ყირიმში განხორციელებული რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი გამოწვევები და კიბერუსაფრთხოების საკითხები.
დაგეგმილია ირაკლი ალასანიას კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა. პანელის თემა, რომელშიც საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონაწილეობს, ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ კრიზისს და რუსეთის ფაქტორს ეხება. ირაკლი ალასანიას საუბრის თემას „ევროპის დაცვა რუსეთის სამხედრო ავანტიურისგან“ წარმოადგენს. გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი განიხილავს უსაფრთხოების ცვალებად გარემოს და რუსეთის აგრესიის შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებს, ასევე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად მიღებულ გამოცდილებას.
კონფერენციაში მონაწილეობენ თავდაცვის მინისტრები, მთავრობის ხელმძღვანელი პირები, სამხედრო მაღალჩინოსნები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, აკადემიური წრეების და სამრეწველო სფეროს წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია შეხვდება საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს ჟან-ივ-ლე დრიანს და ასევე გამართავს სხვა ორმხრივ სამუშაო შეხვედრებს.
სამინისტროს ცნობით, კონფერენცია წელს 31-ედ ტარდება და მას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ-ლე დრიანი მასპინძლობს. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კვლევითი ინსტიტუტი (IHEDN) და სტრატეგიული კვლევების ცენტრი (CSDR).