ელჩების კონფერენციის ფარგლებში სამუშაო სესია თემაზე „დიპლომატია ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში“ გაიმართა
ელჩების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამუშაო სესია თემაზე „დიპლომატია ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში“. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დისკუსიაში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა, მონაწილეობდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი. სესიას მოდერაციას უწევდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.
„სამუშაო სესიაზე მთავრობის წევრებმა იმსჯელეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებზე, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ასევე განხილულ იქნა საზოგადოებრივი წესრიგისა და საზღვრის მართვასთან დაკავშირებული საკითხები, საიმიგრაციო პოლიტიკა და საპოლიციო თანამშრომლობის საერთაშორისო ასპექტები.
საუბარი შეეხო საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ წარმართულ საქმეებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა – „ელჩების კონფერენცია“ 22-25 დეკემბერს თბილისში იმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.