სულხან მოლაშვილი: ბაჩო ახალაია ციხეში მთვრალი შემოდიოდა და იარაღს უმისამართოდ ისროდა

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
როგორც სულხან მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, კუბლაშვილი ვალდებულია თანამდებობიდან გადადგეს და საზოგადოებას ბოდიშიც მოუხადოს.
„საკმარისია ის პუბლიკაციები ამოვიღოთ, სადაც კოტე კუბლაშვილი პირველ ინსტანციაში გამოტანილ განაჩენს კანონიერს უწოდებს და ადამიანს დამნაშავედ აცხადებს. რა, ეს არ არის მოსამართლის საქმიანობაში უხეში ჩარევა და პოლიტიკური დისკრიმინაცია?! გენერალური პროკურორი თანამდებობიდან იმის გამო გადადგა, რომ ბიოგრაფიაში ხარვეზი უპოვეს, კოტე კუბლაშვილის საქმიანობაში ხარვეზები კი არა, დანაშაულის ნიშნებია, მან არაერთგზის დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია! კუბლაშვილი ვალდებულია თანამდებობიდან გადადგეს, მეტიც, მან ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას, რომ ამდენი ხანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო“, – აცხადებს სულხან მოლაშვილი. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე ინტერვიუში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქმიანობაზე. კერძოდ, სულხან მოლაშვილი ხელისუფლებას შეცდომად უთვლის იმ ფაქტს, რომ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხი არ მოითხოვა. „ხელისუფლების შეცდომა გახლდათ სააკაშვილს იმპიჩმენტი, რომ არ გამოუცხადა და დამნაშავეს საშუალება მისცა, ბოლო წუთამდე ეკეთებინა ბინძური საქმეები. თუნდაც ორი დღე ყოფილიყო დარჩენილი მისი ლეგიტიმური ვადის ამოწურვამდე. ის იმპიჩმენტის გზით უნდა ჩამოგვეცილებინა ხელისუფლებისგან. მაშინ ასეთ ცინიკურ განცხადებებს აღარ გააკეთებდა. ნუთუ, არ შეიძლება დაიკითხონ ის პატიმრებიც, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ბაჩო ახალაია ციხეში მთვრალი შემოდიოდა და იარაღს უმისამართოდ ისროდა, ხოლო პატიმრები ცემით, სიკვდილის პირამდე მიჰყავდა. ბაჩო ახალაიას რომ გმირს უწოდებენ, ეს დემოკრატია კი არა, ჩვენი სისუსტეა!“ – აცხადებს სულხან მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები