მიხეილ სააკაშვილი – მელიას: ჩემო ნიკა, 1 ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით, საპყრობილის მე-3 სართულზე და შეგვეძლო აქაც გაგვერკვია ნებისმიერი გაუგებრობა
ჩემს 2 ნოემბრის პოსტში ნიკა მელია არც ნახსენებია და არც ნაგულისხმები, იქ არაფერია იმის მსგავსი, რაზეც ნიკა საუბრობს, არ ეწერა,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამ რთულ მომენტში დიდი შეცდომა იქნებოდა ერთმანეთზე თავდასხმა.
,,რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, ჩემს 2 ნოემბრის პოსტში ის არც ნახსენებია და არც ნაგულისხმები, იქ არაფერი მსგავსი რაზეც ნიკა საუბრობს არ წერია.
იგივე ეხება ჩემს მეორე მეგობარ ნიკა გვარამიას, ძალიან ვაფასებ ორივე ნიკას მრავალწლიან ბრძოლას, რომლისთვისაც ფასი გადაიხადეს ორჯერადი პოლიტპატიმრობის სახით. ბოლოჯერ იმის გამო მოხვდნენ ციხეში, რომ ღალატის კომისიასთან დაკავშირებით დაიკავეს ღირსეული პოზიცია.
წითელი ხაზი, ამ დროს როცა საერთო მტერია დასამარცხებელი არაფერ შუაშია, ზოგადად ამ რთულ მომენტში მხოლოდ უპირობო ერთიანობა გადაგვარჩენს და ნამდვილად დიდი შეცდომა იქნებოდა ერთმანეთზე თავდასხმა.
ქვეყანაა გადასარჩენი და პირად ემოციებზე აყოლას და ეგოების შეჯიბრს, ამ კრიტიკულ მომენტში, ისტორია არ გვაპატიებს.
ჩემი სამი კვირის წინანდელი პოსტი ეძღვნებოდა გილაურების კლანის ან ნებისმიერი სხვა სახის ივანიშვილთან დაკავშირებული “ბიზნესმენების” პოლიტიკასთან არ მიშვებას და მე მყარად ვდგავარ ამ პოზიციაზე. გამარჯვების შემდეგ, უნდა მივიღოთ კანონი ოლიგარქების პოლიტიკაში არ დაშვების შესახებ ( ასეთი მიღებული კანონის ერთ-ერთი თანაავტორი ვარ უკრაინაში)
მთლიანობაში, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ერთიანობას უბრალოდ არ აქვს ალტერნატივა, ვარდების რევოლუციამ გაიმარჯვა სწორედ განსხვავებული ლიდერების ერთობით. კარგია, რომ პარტიების წარმომადგენლებმა ძალიან თავშეკავებული კომენტარი გააკეთეს ამ ამბავზე.
ისე ჩემო ნიკა, 1 ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით, საპყრობილის მე-3 სართულზე და შეგვეძლო აქაც გაგვერკვია ნებისმიერი გაუგებრობა.
თავისუფლება ნიკა მელიას და ყველა პოლიტპატიმარს!”,- წერს სააკაშვილი.
ცნობითვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნიკა მელიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა: „თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები“. მელია ერთ-ერთ პოლიტიკოსში, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს გულისხმობდა.