კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავაზე: დაველოდოთ, რა განაჩენს გამოიტანენ. ერთია გადაწყვეტილება რა იქნება, მეორეა მისი აღსრულება

„ჩვენი პრინციპული პოზიციით ქართველ ხალხს ავარიდეთ ომი და ამ ყველაფერში მთავარი როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რადგან ის ქვეყნის ინტერესებს არ თმობს“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ლონდონის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის პროცესის შესახებ ისაუბრა, სადაც განაჩენი დღეს გამოცხადდება.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ერთი საკითხია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და მეორე – რამდენად მოხდება აღსრულება.

„იმ უსამართლობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდება, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუფთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა შანტაჟი მიზანმიმართულად, არადა ბატონმა ბიძინამ ყველა ინსტანციაში სხვადასხვა სასამართლო დავა მოიგო. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, თანხას არ უბრუნებენ. დაველოდოთ, ვნახოთ რა განაჩენს გამოიტანენ. ერთია გადაწყვეტილება რა იქნება, მეორეა მისი აღსრულება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას – იქნებ იმიტომ არ უბრუნებენ ბიძინა ივანიშვილს თანხებს, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულია, კახა კალაძის თქმით, სანქციები უსამართლოდ არის დაწესებული და ეს არის შანტაჟის ნაწილი.

„ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვიცით სანქციები აბსოლუტურად უსამართლოდ და ახსნა-განმარტების გარეშე რომ დაუწესეს. თანაც სანამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციებს დაუწესებდა ივანიშვილს, მას სასამართლო პროცესები უკვე მოგებული ჰქონდა და თანხები არ იყო დაბრუნებული. მისი დასანქცირებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის შანტაჟი, მათ შორის ქვეყნის ინტერესების დათმობის სანაცვლოდ. ეს პროცესები დღესაც გრძელდება და მე არ მგონია რამე შეიცვალოს. ბიძინა ივანიშვილი იცავს ქვეყნის ინტერესებს. პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. ჩვენი პრინციპული პოზიციით ქართველ ხალხს ავარიდეთ ომი. ამ ყველაფერში ყველაზე მთავარი როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები