ირაკლი ზარქუა: თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია

,,სახელმწიფოს კონკრეტულ საკითხებში ადანაშაულებენ და დელეგაციას არ შეხვდნენ. დისკუსიის, არგუმენტების ეშინიათ, რადგან მართლები არ არიან”,- ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ბრიუსელში დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის შეხვედრის გადადების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიუსელს დისკუსიის, არგუმენტების ეშინია.

„თურმე ბრიუსელის ბიუროკრატებს უნდა შევუთანხმოთ, დელეგაციაში ვის ჩავსვამთ, ეს ნონსენსია. რატომ გადადეს შეხვედრა? სიმართლის მოსმენა არ უნდათ, რადგან მაშინ ყველა ბრალდებასა და საქართველოს გაშავებაზე ნიღაბს ჩამოვხსნით, პასუხს მოვთხოვთ. შეხვედრაზე უარი ამიტომაც თქვეს. სახელმწიფოს კონკრეტულ საკითხებში ადანაშაულებენ და დელეგაციას არ შეხვდნენ. რატომ? ეშინიათ, რომ სიმართლეს ვეტყოდით. მათი აკაცუკები რომ იყვნენ აქ, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რომ მივიღეთ, ვუთხარით, მოდით, იქნებ მართალი ხართ და ვიმსჯელოთო. დისკუსიაში არცერთი შემოვიდა. ახლაც იგივე გრძელდება. დისკუსიის, არგუმენტების ეშინიათ, რადგან მართლები არ არიან. ჩვენ გადავწყვეტთ, დელეგაციაში ვინ გვყავდეს. ამას როგორც არ ვეკითხებოდით რუსეთს, ასე იქნება ევრობიუროკრატების შემთხვევაშიც“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის შეხვედრა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით გადაიდო. როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები