ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია მთავრობას 1 მარტამდე წარედგინება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თავმჯდომარეობით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა ისაუბრეს იმ შენიშვნებისა და წინადადადებების შესახებ, რომლებიც 2014-2017 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გამოითქვა სხვადასხვა უწყებების მხრიდან. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით საბოლოოდ ჩამოყალიბდება და მთავრობას 1 მარტამდე წარედგინება. როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, სტრატეგიის ძირითადი ამოცანაა, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემის ფორმირება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული დანაშაულების პრევენციას, მათი რაოდენობის კლებას და მათ დროულ გამოვლენას. უწყების ცნობით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო შექმნილია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებათა შემფასებელ ექსპერტთა ევროპის საბჭოს კომიტეტის (MONEYVAL) და ფინანსური ქმედების ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების შესაბამისად და მისი მიზანია, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობა და ამ მიმართულებით სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები