ინგა ფხალაძემ გაეროს განვითარების პროგრამის ენერგეტიკის ცენტრის დირექტორთან საქართველოს ენერგეტიკული პროექტები განიხილა
„საქართველო პოზიციონირებს, როგორც განახლებადი ენერგიების დამაკავშირებელი ხიდი ევროპასთან და რეგიონული განვითარების ახალი ერის უზრუნველყოფის მიზნით იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს, ციფრულ სისტემებსა და ტრანსსასაზღვრო დაკავშირებადობას”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა გაეროს გაეროს განვითარების პროგრამის (United Nations Development Programme – UNDP) ენერგეტიკის ცენტრის დირექტორი, რიად მედები სოციალურ ქსელში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ინგა ფხალაძესთან შეხვედრას, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიაში საერთაშორისო ფორუმის „ენერგეტიკა მდგრადი განვითარებისთვის” ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონული ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც საქართველოს და სამხრეთ კავკასიას ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დააკავშირებს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც წაახალისებს რეგიონებს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობას, ასევე აზერბაიჯანის ინიციირებულ პარალელურ გეგმაზე, რომელიც დამატებით 4 გიგავატი სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს და შავ ზღვას გადააქცევს განახლებადი ენერგეტიკული რესურსების გაცვლის დერეფნად ევროკავშირს, თურქეთსა და სამხრეთ კავკასიას შორის.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე ტენდენციები, მათ შორის, მზის, ქარისა და ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარება, შემნახველი ბატარეებისა და მწვანე წყალბადის ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები.
შეხვედრას დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი.