ფოტოგრაფების საქმეზე ზურაბ ქურციკიძის დაკითხვა მიმდინარეობს

პროკურატურაში ფოტოგრაფების საქმეში დაზარალებულად ცნობილი ფოტოკორესპონდენტის ზურაბ ქურციკიძის დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც ქურციკიძემ დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, ჯაშუშობის ბრალდება გამოგონილია და ფოტოგრაფებს დაკავებისას აღიარებითი ჩვენებები ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.
“ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ ჯაშუშები, ველოდებით სწორ გამოძიებას – სიმართლის დადგენას. ვრცელდებოდა დაკავების რაღაც ვერსიები, მათ შორის 26 მაისის აქციის კადრების გავრცელებასთან კავშირზე. არ ვიცი, რატომ დაგვაკავეს და ვისი ინიციატივით მოხდა ეს, იმედია, გამოძიება ამას დაადგენს”, – განაცხადა ზურაბ ქურციკიძემ.
გუშინ უკვე დაიკითხა გიორგი აბდალაძე, რომელიც საქმეში დაზარალებულის სტატუსით არის.
ოთხი ფოტოგრაფი 2011 წელს, უცხო ქვეყნის სასარგებლოდ, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მათ აღიარებითი ჩვენებები მისცეს, რის შემდეგაც საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. მათ საქმეს გრიფი საიდუმლო ედო. მას შემდეგ, რაც ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე დააკავეს, თბილისში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ნასამართლეობა ფოტოგრაფებს გასულ წელს მოეხსნათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები