ყალბი ფულის შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა. როგორც “კვირას“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მოქალაქეებმა სპარტაკ ჯინორიძემ და თამაზ გუგეშაშვილმა ერთ-ერთ მოქალაქეზე გაასაღეს 2 ცალი 100 -დოლარიანი ყალბი კუპიურა, სანაცვლოდ კი ითხოვდნენ 45%-ს – 90 აშშ დოლარს.
“დაკავებულის, სპარტაკ ჯინორიძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, საგამოძიებო სამსახურმა ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული 18 300 აშშ დოლარის ყალბი 100 -დოლარიანი კუპიურები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 -დან 10 წლამდე”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.